როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.