ემანუელ პეტი: “კატალონიური ნაციონალიზმი რასიზმთან ძალიან ახლოსაა”

“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ კატალონიელები სეპარატისტული განწყობების გამო გააკრიტიკა. ფრანგმა ფეხბურთელმა ერთხელ ისიც კი თქვა, რომ 2000 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას “ბარსელონაში” თამაში ამჯობინა, რასაც ნანობს.

“ბარსელონაში” ცუდ დროს მივედი. გასახდელში ჰოლანდიელ და კატალონიელ ფეხბურთელებს შორის ნამდვილი ომი იყო. კლუბის ხელმძღვანელობას ან ძალა არ ჰყოფნიდა ან ქარიზმა, რათა წესრიგი დაემყარებინა. მთელი გასახდელი პოლიტიკითა და ნაციონალიზმით სუნთქავდა. “ბარსელონაში” გადასვლა მიხაროდა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება მინდოდა. ყოველდღე ვცდილობდი იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომლებიც მე არ მეხებოდა.

Petit

“ბარსელონაში” ახალი მისული ვიყავი, როცა მითხრეს: “ნუ ცდილობ ესპანურის სწავლას, კატალონიური ისწავლე”. მე ვკითხე: “განა ესპანეთში არ ვიმყოფები?” პასუხი კი ასეთი იყო: “არა, შენ კატალონიაში ხარ”. მესმის, რომ მათ შეუძლიათ თვითიდენტიფიკაცია ამ გზით, მაგრამ ასეთი ნაციონალიზმი რასიზმთან ძალიან ახლოსაა. წასვლა მინდოდა. დიდი შეცდომა დავუშვი”, – პეტის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

პეტი: „არსენალის“ შემადგენლობაში „მკვლელები“ არ თამაშობენ“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელის ემანუელ პეტის აზრით, დღეს მისი ყოფილი გუნდი არაეფექტურ თამაშს აჩვენებს.

„დღევანდელ „არსენალს“ შემადგენლობაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა მას ნამდვილი „მკვლელები“ არ ჰყავს. თანამედროვე ფეხბურთი უფრო პრაგმატული ფეხბურთის ჩვენებას მოითხოვს. დააკვირდით „რეალსა“ და გერმანიის ნაკრებს. თავის დროზე მხოლოდ შედეგზე ჩვენც ვფიქრობდით“, – განაცხადა პეტიმ.

პეტი: “საფრანგეთში ტიერი ანრი რატომღაც არ უყვართ”

ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთში ტიერი ანრის მიმართ ხალხის უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“საფრანგეთში ანრი რატომღაც არ უყვართ. ინგლისში მას პატივს სცემენ და ძეგლიც კი დაუდგეს. რა აქვთ ანრის მიმართ სასაყვედურო? ირლანდიის ნაკრების კარში ხელით გატანილი გოლი? ჩვენ ამ გოლმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოგვიტანა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, ფრანგები თვალთმაქცები და ლაჩრები არიან.

Henry handles

მაღიზიანებს ფრანგული პრესა, რომელმაც ანრისგან ასეთი სახე შექმნა. ჟურნალისტები საკუთარ თავს არასდროს აკრიტიკებენ და არც პატიებას ითხოვენ.

უეინ რუნი ინგლისში არ სძულთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანზე და მოედნის მიღმა ყოველთვის თავშეკავებულად არ იქცევა. ტიერი ანრის მინდორზე უხამსი ჟესტი არასდროს გაუკეთებია, არც პირად ცხოვრებაში აქვს რაიმე ლაქა.

Petit and Henry

ფრანგ ხალხთან ბევრი პრობლემა მაქვს: აქ უამრავ ამპარტავან, თავმომწონე, მატყუარა და ფარისეველ ადამიანს ვხედავ.

ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები: გერმანიას რომ დავეპყარით, უკეთესი იქნებოდა. გერმანია პოლიტიკურადაც გვჯობს, ეკონომიკურადაც და სპორტული თვალსაზრისითაც. თანამედროვე გერმანია ძალიან მომწონს”, – განაცხადა პეტიმ sports.fr-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.