გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცმა ჯეფ ვუდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, როგორც სხვა შეხვედრები. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმებში საკმაო პრობლემები შევუქმენით, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა. საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”, – ამ სიტყვებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე ჯეფ ვუდი.

— როგორ შეაფასებდით მატჩის პირველ ტაიმს და მასთან შედარებით მეორე ნახევარს?
— პირველი ტაიმის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მეტოქე უფრო ცენტრიდან გვიტევდა. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი – მეორე ნახევარში. ჩვენთვის თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა. ცენტრალური მცველების თამაშს გამოვარჩევდი. შეგვიძლია, კვირას, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც გადავიტანოთ ეს პოზიტიური ასპექტები.

— გიბრალტარის ნაკრები შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ დიდი ხნით დაისვებეს, რადგან ფიფას წევრი არ არის. ეს პროგრესი როგორ უნდა გაგრძელდეს?
— აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ. მაღალი დონის გუნდებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩავატაროთ. სპეციალური პროგრამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა ეს პროგრესი შევინარჩუნოთ.

 

სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

 

კობახიძე: „ხალხს უსამართლობა არ უყვარს“

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული „ვოლინის“ ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ხარკოვის „მეტალისტთან“ ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უკრაინული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა პირველ წრეში თავისი გუნდის გამოსვლაც შეაფასა.

„თუ გუნდის თამაშს შევაფასებთ, ვფიქრობ, პირველი წრე ცუდი არ იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ის ქულა დავკარგეთ, რომლის გადარჩენა შეგვეძლო. თუმცა, ვფიქრობ, პირველი წრე დამსახურებულ ადგილზე დავასრულეთ („ვოლინმა“, პირველი წრის შედეგად, მე-7 ადგილი დაიკავა – ავტ.). მეოთხე ადგილზე გასვლაც კი შეგვეძლო.

„მეტალისტთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მოგებას ვიმსახურებდით. მსაჯობის განხილვა არ მსურს. ყველამ დაინახა, თუ რა ხდებოდა. სჯობს, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე მხოლოდ თამაშზე ვისაუბრებ.

ჩემი თვალსაზრისით, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ, ხოლო მეორეში მოვდუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ და მეშვიდე ადგილზე ამის გამო აღვმოჩნდით. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ, სჯობდა, შეგვეტია. ამის გამო ორი გოლი მივიღეთ“.

კობახიძემ იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მატჩის ბოლოს მოედანზე შევარდნენ.

„ქომაგები სტადიონზე მოდიან და მხარს გვიჭერენ. ხალხს უსამართლობა არ უყვარს. მე არაფრის თქმა მინდა, უბრალოდ, მათაც უნდა გაუგოთ. ის, რაც მოხდა, ლამაზი არ იყო, ხალხს თავის შეკავება არ შეუძლია“.

გულშემატკივრები მოედანზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც მთავარმა მსაჯმა დიმიტრი კუტაკოვმა მეტოქის საჯარიმოსთან კობახიძის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა.

„დიახ, ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. ამ დარღვევის შედეგად, მსაჯს მეტოქისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. ზოგადად, ბევრი ეპიზოდი ძალიან საკამათო გამოდგა“, – აღნიშნა „ვოლინის“ შემტევმა ნახევარმცველმა.