ჟინიაკი მექსიკაში ითამაშებს

“მარსელისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ადგილობრივ “ტიგრესს” შეუერთდება.

“საოცარი დახვედრაა, ყველას მადლობას გიხდით. შეუდარებელი ქალაქია. საოცრებები გველის”, – დაწერა ფრანგმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკს “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელი მექსიკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

ჟინიაკმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

“ტიგრესი” მექსიკის სამგზის ჩემპიონია.

 

თამაშიდან გაძევებული მწვრთნელი მსაჯს სკამის უკან დაემალა (ვიდეო)

9 მარტს, მექსიკის ჩემპიონატში “უნივერსიდად გუადალახარამ” საკუთარ მოედანზე “ტიგრესი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, “ტიგრესის” მთავარი მწვრთნელი ტუკა ფერეტი მსაჯმა გააძევა. ამის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ფერეტის მოედანი დაეტოვებინა, ის სათადარიგოთა სკამის უკან დაიმალა.