ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, „ოლიმპიაკოსსა“ და პაოკ-ში გადავიდნენ

კრეტას ოფი, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობენ, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელთა გამოც კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის.

ამასთან დაკავშირებით, ბერძნული პრესა კრეტული კლუბის მოთამაშეების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. მსგავსი საუბრები ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, ბერძნული ფეხბურთის გრანდებირს რიგებში გადავიდნენ. მეკარეს „ოლიმპიაკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო შემტევ ნახევარმცველს – პაოკ-ში.

თუმცა, კლუბის შეცვლის შემთხვევაში, ორივეს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება აღარ ექნება, რადგან 2014/15 წლების სეზონში მათ ორი კლუბის რიგებში ითამაშეს – მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო“ ლორიამ და მერებაშვილმა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვეს. წესების თანახმად, ფეხბურთელებს ერთ სეზონში სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაში ეკრძალებათ.

ცნობისთვის, ამჟამად საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის შესაძლო ახალ კლუბებს, „ოლიმპიაკოსი“ ამჟამად 45 ქულით პირველ ადგილზეა და სწორედ მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს.

გიორგი ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

ბერძnულმა სპორტმა საიტმა gazzetta.gr-მ ქვეყნის ჩემპიონატის პირველი წრე შეაჯამა და საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ბერძნული სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ კრეტას ოფი-ს ქართველი მეკარე გიორგი ლორია დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ოფი-ში გიორგი მერებაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრების მეკარე 2014 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ პერიოდში გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა.

ცნობისთვის, ამჟამად ქართველი ლეგიონერების კლუბი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში მე-13 ადგილს იკავებს.

გატუზომ ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ჯენარო გატუზომ ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიელს ჯერ კიდევ ოქტომბერში სურდა გუნდიდან აბარგება, თუმცა მაშინ გულშემატკივრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 36 წლის გატუზომ ოფი-ს დატოვების მიზეზად კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. გუნდს კრედიტორების მიმართ დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდასაც ვერ ახერხებს.

“ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ კრეტის მოსახლეობას. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვიყავით. ოფი-სთვის ვიბრძოდი, მათ შორის ეკონომიკურადაც. არათუ არ ამიღია კუთვნილი ხელფასი სრული ოდენობით, არამედ კლუბის ხარჯების დასაფარად ჩემი ჯიბიდანაც ვიხდიდი თანხას. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას მეც უნდა დავნებდე. სიტუაციის მოგვარება ჩემს ძალებს აღემატება. კორპორატიული და სპორტული კატასტროფის თავიდან არიდების შანსი არ არის და ასეთ შემთხვევაში, ჩემი აქ დარჩენა კრეტის მოსახლეობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ოფი-ს ღირსებას გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.