გატუზომ ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ჯენარო გატუზომ ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიელს ჯერ კიდევ ოქტომბერში სურდა გუნდიდან აბარგება, თუმცა მაშინ გულშემატკივრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 36 წლის გატუზომ ოფი-ს დატოვების მიზეზად კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. გუნდს კრედიტორების მიმართ დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდასაც ვერ ახერხებს.

“ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ კრეტის მოსახლეობას. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვიყავით. ოფი-სთვის ვიბრძოდი, მათ შორის ეკონომიკურადაც. არათუ არ ამიღია კუთვნილი ხელფასი სრული ოდენობით, არამედ კლუბის ხარჯების დასაფარად ჩემი ჯიბიდანაც ვიხდიდი თანხას. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას მეც უნდა დავნებდე. სიტუაციის მოგვარება ჩემს ძალებს აღემატება. კორპორატიული და სპორტული კატასტროფის თავიდან არიდების შანსი არ არის და ასეთ შემთხვევაში, ჩემი აქ დარჩენა კრეტის მოსახლეობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ოფი-ს ღირსებას გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.