დღეს უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. წითელ ჯგუფში “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთი”, ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ნახსენებ მატჩში დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც, ზოგადად, ძალიან კარგ სეზონს ატარებს. საქართველოს ჩემპიონობისთვის სამტრედიელები ორმატჩიან დუელში “ჩიხურას” დაუპირისპირდებიან.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ზივზივაძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
“შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში მწვრთნელის ყველა დავალება პირნათლად შევასრულეთ, რამაც ლოგიკურ და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. ველოდით, რომ ფოთის “კოლხეთი” დაცვიდან გვეთამაშებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მათ თამაში გაგვიხსნეს, რაც ანგარიშზეც აისახა.”
“ვულოცავ ყველა სამტრედიელს ჯგუფის ჩემპიონობას!”
“რაც შეეხება მთლიანად სეზონს, ვფიქრობ, რომ განვლილ პერიდოში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. გვინდოდა, რომ წითელ ჯგუფში პირველი ადგილი დაგვეკავებინა და ამ მიზანს მივაღწიეთ! თანაც, ეს ისე გავაკეთეთ, რომ აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში შეხვერდა არ წაგვიგია! “
“რაც შეეხება საჩემპიონო პლეი-ოფს… ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა, რადგან “ჩიხურაც” ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ორივე გუნდი დამსახურებულად მოვიდა აქამდე. ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება!” – განუცხადა Fanebi.Com-ს ზივზივაძემ.