რუსეთის 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პეტერბურგში ვალენტინ გრანატკინის მემორიალზე ასპარეზობს. ჩვენი ყურადღება კი ამ ტურნირმა იმით მიიპყრო, რომ რუსეთის ნაკრების ღირსებას გიორგი მელქაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ. მოლდოვასთან გამართულ მატჩში კი რუსებმა სწორედ მელქაძისა და ყიფიანის გოლებით მოიგეს.
მელქაძე მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელია, ხოლო ყიფიანი “ლოკომოტივის” ღირსებას იცავს. ორივე მოთამაშე ხსენებული გუნდების დუბლშემადგენლობაში ასპარეზობს. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების მთავარი კითხვა კი, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების მომავალს ეხება. Fanebi.com ნიკა ყიფიანს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– როგორც ვიცი, საქართველოში ხარ დაბადებული…
– დიახ, საქართველოში დავიბადე. 9 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით.
– ფეხბურთის თამაში რუსეთში დაიწყე?
– ფეხბურთელობა ბავშვობიდან მინდოდა და თამაში 10 წლის ასაკში, რუსეთში დავიწყე. ჩემი პირველი გუნდი კი რენატ დასაევის აკადემია იყო. იქ ორი წელი ვითამაშე, რის შემდეგაც მოსკოვის “ლოკომოტივიდან” დამიკავშირდნენ.
– “ლოკომოტივში” როგორ მიგიღეს?
– აქ ყველაფერი კარგადაა. დუბლშემადგენლობაში ვთამაშობ და მომავალ წელს უკვე ძირითად გუნდში მოხვედრა მაქვს დაგეგმილი. ვნახოთ, რა გამოვა. იმედია, პრემიერლიგაში თამაშს მოვახერხებ.
– საქართველოში ხშირად ჩამოდიხარ?
– ვცდილობ, რომ ეს მაქსიმალურად ხშირად გავაკეთო. საქართველოში უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს.
– ქართულ ფეხბურთს თვალყურს ადევნებ?
– ძირითადად ნაკრების თამაშებს. ჩემპიონატს ნაკლებად, აქ ამის საშუალება არ არის.
– რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობ, თუმცა საინტერესოა უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს…
– ამჟამად რუსეთის ნაკრების წევრი ვარ და აქ ყველაფერი მომწონს, მაგრამ არავინ იცის მომავალში რა მოხდება…