უკრაინელი ფორვარდი ერთ-ერთ ქართულ კლუბში ითამაშებს

უკრაინული საკალათბურთო კლუბის „ოდესას“ ფორვარდმა დენის ნოსკოვმა საქართველოში გადასვლა დაადასტურა. როგორც ცნობილია, უკრაინელი საქართველოს სუპერლიგაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა ამჟამად მისი მომავალი კლუბის სახელი უცნობია.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. აქედან წასვლა არ მსურდა. ბოლო წლებში ოდესა ჩემთვის სახლი გახდა, კლუბმა კი, ჩემი, როგორც მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ოდესას“ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მსურს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მათ არ ვემშვიდობები. საქართველოში კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მექნება, რის შემდეგაც „ოდესაში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი. იმედია, კლუბი ყველა პრობლემას სულ მალე მოაგვარებს და გამარჯვების გზას დაუბრუნდება“, – განაცხადა „აზოვმაშის“ აღზრდილმა.