ბილიჩი მოდრიჩზე ოცნებობს

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალიდან” ლუკა მოდრიჩის გადმობირებაზე ოცნებობს.

“ვის დამატებას ვისურვებდი? რა თქმა უნდა, ლეო მესის. სერიოზულად კი გეტყვით, რომ არსებობს ფეხბურთელის, რომლის დამატებაზეც ვოცნებობ და იგი მოდრიჩი გახლავთ. ლუკას დამატება მინდა არამხოლოდ იმიტომ, რომ იგი ხორვატია, არამედ იმიტომაც, რომ მის ტრანსფერზე ფასდაკლებას გამიკეთებენ”, – ციტირებს ბილიჩის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ სლავენ ბილიჩი ლუკა მოდრიჩს ჯერ ხორვატიის 21-წლადელთა ნაკრებში, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში თავკაცობდა.

ბილიჩი: “არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა აღნიშნა, რომ გუნდი ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი სპეციალისტი 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილია.

“მსოფლიოში არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს. იგი ნამდვილი პროფესიონალია, არ აცდენს ვარჯიშებს და ყოველდღიურად დიდი მოტივაციით მუშაობს. სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი კარგი ფეხბურთელი”, – ბილიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

სლავენ ბილიჩი “ბეშიქთაშიდან” “ვესტ ჰემში”?

“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს. ამ ინფორმაციას თურქული კლუბის პრეზიდენტი ფიქრეთ ორმანი ადასტურებს.

“ერთმანეთს კარგი პირობებით ვშორდებით. მომავალი მთავარი მწვრთნელი იქნება ჩვენი სამომავლო წარმატებების არქიტექტორი, რომელიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს”, – ციტირებს ორმანის სიტყვებს “გარდიანი”.

ამავე წყაროს ცნობით, სლავენ ბილიჩმა შესაძლოა, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ჩაიბაროს, რომლის ამჟამინდელი თავკაცი სემ ელერდაისი სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.

 

ბილიჩი: “მანჩესტერ სიტი” კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდის”

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქული “ბეშიქთაშის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის კანდიდატურას განიხილავს. ჟურნალისტებმა ფეხბურთის ხორვატ სპეციალისტს ამის შესახებ ჰკითხეს, რასაც ბილიჩმა იუმორნარევი პასუხი გასცა.

“დიახ, გიდასტურებთ, რომ “მანჩესტერ სიტისგან” შემოთავაზება მივიღე და ინგლისელებმა ისიც მითხრეს, რომ კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდიან.

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავითარი წინადადება არ ყოფილა. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ “ბეშიქთაშს” უკავშირდება”, – ბილიჩის სიტყვები Goal.com-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ბეშიქთაში” “ენფილდზე” “ლივერპულს” ესტუმრება. მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. განმეორებითი შეხვედრა სტამბულში, 26 თებერვალს შედგება.