ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა

ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა. ფრანგი ჩინოსანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი, თუმცა თავად ვალკე დანაშაულს არ აღიარებს.

სექტემბრის თვეში ჟერომ ვალკეს ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობა 90 დღის ვადით აეკრძალა. იანვარში ეს დისკვალიფიკაცია კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა, რის შემდეგაც ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ფრანგის წინააღმდეგ საქმე გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სათავეში ედგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მარკეტინგისა და სატელევიზიო დეპარტამენტს. ახლა ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას მარკუს კატნერი შეასრულებს.

 

ფიფას გენმდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გუშინ ბრაზილიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვალკე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების არალეგალურად რეალიზაციის სქემაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც დაახლობით ორი მილიონი ევრო მიიღო.

“ჟერომ ვალკე დაუყოვნებლივ გათავისუფლებულია თანამდებობიდან შემდგომი შეტყობინების გავრცელებამდე. ფიფასთვის ცნობილი გახდა გენერალურ მდივანთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვების შესახებ და ეთიკის კომიტეტისგან მოვითხოვთ ოფიციალური გამოძიების ჩატარებას”, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა.

 

2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება

ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2021 წელს გასამართი კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ტარდება ხოლმე და პლანეტის უმთავრესი ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მოიხსენიება.

“მეტეოროლოგიური პირობების გამო 2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება. ტურნირს აზიის რომელიმე ქვეყანაში გავმართავთ”, – ციტირებსა ვალკეს სიტყვებს A Bola.

წინასწარი ინფორმაციით, ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 26 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება.