პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი