“ნაპოლის” თავკაცი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი იტალიის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, მას ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, “ინტერის” მთავარი მწვრთნელი 5 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ტიფოზების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების გამო “ნაპოლის” 15 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

 

“ნაპოლის” თავკაცი: “შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა. “ინტერის” დამრიგებელს მოგვიანებით სარიმ უპასუხა.

“მოედანზე ასეთი ინციდენტები ხდება ხოლმე. მასწავლეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. სტრესის გამო შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს, თუმც გასახდელში მანჩინის ბოდიში მოვუხადე და ეს ამბავი იქვე უნდა დასრულებულიყო.

ახლა ჰომოფობიასა და სხვა მიუღებელ გამოვლინებებში მადანაშაულებენ. უბრალოდ ენაზე ეს სიტყვა მომადგა და იმიტომაც ვთქვი. მომდევნო ჯერზე მანჩინის დემოკრატად მოვიხსენიებ. გეი მეგობრებიც მყავს, ასე რომ ჰომოფობი არ ვარ. დამსჯიან თუ არა დისკვალიფიკაციით? რატომ უნდა დამსაჯონ? ეს ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. მანჩინიმ ბებერი არამზადა მიწოდა. გამოდის, რომ იგი მოხუცების მიმართ არის რასისტი? მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმც სინამდვილეში არც მახსოვს, რა ვუწოდე. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო, მაგრამ იმ წუთებში აღშფოთებული ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი. მანჩინის წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ასეთი ფაქტები სპორტში ხდება. არ ვიცი, ასე რატომ ეწყინა.

ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა სტადიონზე უარესებიც გამიგონია. თუ ეს სიტყვა მართლაც გამოვიყენე, ლგბტ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – მაურიციო სარის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ამ ინციდენტის გამო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

მანჩინიმ “ნაპოლის” თავკაცი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს.

“სარი რასისტია, ასეთი ხალხი საფეხბურთო სამყაროდან უნდა გაყარონ. სარეზერვო მსაჯთან იმის გარკვევას ვცდილობდი, თუ რატომ დაამატა ხუთი წუთი, რის შემდეგაც ჩემთან სარი მოვარდა და გეი (დაცულია ცენზურა – ავტ.) მიწოდა. თუ ნამდვილი კაცები მისნაირები არიან, მაშინ ვამაყობ იმით, როგორიც ვარ.

თამაშზე საუბარს არ ვაპირებ. 60 წლის კაცისგან ასეთი ქცევა ნამდვილად სამარცხვინოა. შემდეგ გასახდელში შევხვდი და ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ მე მინდა, რომ იგი გულწრფელად წუხდეს იმით, როგორც მოიქცა. ინგლისში ასეთებს სათადარიგოთა სკამთან ნამდვილად არ გააჩერებდნენ”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

 

“ნაპოლი” ლევან მჭედლიძის ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი დაინიშნა, რომელიც მანამდე “ემპოლის” თავკაცობდა.

ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ნეაპოლიტანურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომი გახანგრძლივების პირობით. სარი წელიწადში ჯამაგირის სახით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების ბოლოს რაფაელ ბენიტესმა “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ახლა ესპანელი მადრიდის “რეალს” ხელმძღვანელობს.

“ნაპოლიმ” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ისაპარეზებს.

 

მჭედლიძის თავკაცმა შესაძლოა, “მილანი” ჩაიბაროს

“ემპოლის” სპორტულმა დირექტორმა მარსელო კარლიმ განაცხადა, რომ კლუბი ხელს არ შეუშლის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის “მილანში” შესაძლო გადაბარგებას.

56 წლის სპეციალისტს “როსონერის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ასახელებენ. “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სარის კანდიდატურა “როსონერის” ყოფილმა თავკაცმა არიგო საკიმ გაახმაურა.

“ემპოლის” სპორტული დირექტორი წინააღმდეგი არ არის, სარი “მილანში” გაუშვას.

“თუ “მილანი” სარის მიმართ ინტერესს გამოიჩენს, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით. თუ გიყვარს ჩიტი, რომელსაც ფრენა უნდა, მაშინ მას ფრთები არ უნდა მოაჭრა”, – ციტირებს “ემპოლის” სპორტული დირექტორის სიტყვებს “კალჩო მერკატო”.