გუშინ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „პანაითინაიკოსსა“ და „ბარსელონას“ შორის ევროლიგის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი კატალონიელებმა ანგარიშით 40:23 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევრის სათამაშოდ გუნდები მოედანზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოდიოდნენ.
როგორც გაირკვა, პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა, რომელმაც სამართალდამცავებს არენაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. ამის გამო პოლიციამ ტრიბუნებიდან გულშემატკივრებიც გაიყვანა.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ორივე გუნდმა მატჩი განაახლა, რომელიც, საბოლოოდ, „ბარსას“ გამარჯვებით, 89:67 დასრულდა.