კახა ცხადაძე: “ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატებასაც მივაღწევთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა.

კახა ცხადაძე: “პირველ რიგში, მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მალტის ნაკრების ბოლო ორი მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა. მათ იტალიელებს მეორე ნახევარში წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო ბულგარელებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს.

პირველ ტაიმში მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მეორე ნახევარში გამარჯვებას ადვილად მივაღწევდით. მთავარია, მოვიგეთ. ამ გუნდს მომატების პოტენციალი გააჩნია.

გერმანიამ თავისი ტაქტიკური სქემა შეცვალა. წინ სამი დღე გვაქვს და ყველაფერს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ.

რამდენიმე მოთამაშემ მეორე ნახევარში პოზიცია შეიცვალა. ძალიან მცირე დრო იყო იმისათვის, რომ ფეხბურთელებს ჩემი მოთხოვნები გაეგოთ, თუმცა მათ სათანადოდ ითამაშეს. ემოციები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ემოცია ქაოსში არ გადაიზარდოს.

კარგია, რომ გატანილი გოლის შემდეგ ფეხბურთელებმა თამაშის სტილი არ შეცვალეს და ჩემი დავალება შეასრულეს. რაც შეეხება გამოუყენებელ მომენტებს, ეს შეგვიძლია ჩემს სადებიუტო მატჩსა და ფსიქოლოგიურ წნეხს დავაბრალოთ.

მახარაძესა და ნავალოვსკის კარგ დებიუტს, ხოლო ყენიას ნაკრებში დაბრუნებას ვულოცავ.

გუნდური თამაშისას შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების როლი მნიშვნელოვანია. დღეს, ყველას მიზანი გამარჯვება იყო. ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატებასაც მივაღწევთ.

როდესაც შედეგზე ვითამაშეთ, მეორე გოლიც გავიტანეთ. მახარაძეს დაცვაში თამაშიც შეუძლია, თუმცა სისწრაფის გამო, მომავალში მას დაცვის ცენტრში არ მოვიაზრებ.”

საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა

25 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მალტის ნაკრები მიიღო.

ამხანაგური მატჩი ქართველების უპირატესობით წარიმართა და საბოლოდ, მატჩიც “ჯვაროსნების” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტანა. 92-ე წუთზე, მალტელთა კარი ვაკო ყაზაიშვილმა დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.