ლიოვი: “გვესმის, რომ საქართველოში უნდა მოვიგოთ”

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.

“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გერმანიის ნაკრები ავსტრალიასთან მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.

მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.

აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)

გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.