როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართული მატჩის (0:2) პირველივე წუთზე “ჯვაროსნების” ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “არენასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამისულაშვილის ტრავმა სერიოზული სახისაა.
“ამისულაშვილის ტრავმა ძალიან სერიოზულია. სამწუხაროდ, მას კუნთი აქვს გაწყვეტილი. ძალიან მონდომებული იყო და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. გვჭირდება ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, თან მან იცის ჩემი მოთხოვნილებები და ამ მხრივ უფრო გაგვიადვილდებოდა თამაში”, – აღნიშნა ცხადაძემ.