დონადონი იგუაინის საქციელის შესახებ: “ეს არის უმსგავსობა”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “პარმასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს სტუმართა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მასპინძელთა კიპერ ანტონიო მირანტესთან იჩხუბა. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ეპიზოდში “პარმას” მეკარეს უთხრა:

“თქვენ უკვე სერია B-ში ხართ”.

როგორც მოგეხსენებათ, “პარმას” სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ აქვს.

ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. არ არის გამორიცხული, იგუაინის მიმართ დისციპლინური ზომები გატარდეს.

აღნიშნული ეპიზოდისა და იგუაინის საქციელის შესახებ “პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ისაუბრა.

“კარგია, რომ ასეთი რამე არ იმალება. გასაგებია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელები ღელავდნენ, რადგან ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ მივეცით. სერია A-ს პატივს ვცემთ და თითოეულ მატჩში ღირსეულად ვიბრძვით. თუ ფეხბურთელმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა, მის საქციელს მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებ — უმსგავსობა”, – დონადონის კომენტარი Tmw-მ გამოაქვეყნა.