პლატინი: “ბლატერს ვუმეორებ ლენარტ იოჰანსონის მიმართ მის მიერვე თქმულ სიტყვებს”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს, ფიფას ნდობის პრობლემა ექნება.

“ჩვენ არ მოვტყუვდებით. ბლატერს ფიფას ხელმძღვანელობა იმიტომ არ სურს, რომ მისია ჯერ არ დაუსრულებია. ის ამ ორგანიზაციაშია უკვე 40 წელია და ასეთი განცხადება ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. მას ხვალინდელი დღის ეშინია.

მან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა და მესმის, რომ სიცარიელის შიში აქვს. თუმცა, თუ მას მართლა უყვარს ფიფა, ორგანიზაციაზე მანამდე უნდა ეფიქრა.

სანამ ბლატერი სათავეშია, ფიფას მუდამ ექნება ნდობის პრობლემა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს კი ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ახდენს.

დარწმუნებული ვარ, ალი ბინ ალ ჰუსეინი, რომელსაც პირადად ვიცნობ, შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

Lennart Johansson - Joseph  Blatter

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიფას ახალი ლიდერი, ახალი სისხლი და სუფთა ჰაერი სჭირდება. პირადულად ბლატერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას პატივს ვცემ, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიუღია. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც მომენტში წასვლის დრო დგება, ტახტის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადო. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ზეპმა ლენარტ იოჰანსონს 2007 წელს, როდესაც უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა დავაყენე”, – პლატინის სიტყვები ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

Luis Figo - Michael van Praag

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რამდენიმე დღის წინათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ფიგუმ მოგვინებით განმარტა, რომ წინასაარჩევნო მარათონი არადემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს დარჩენილი ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილება ერთმანეთს.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ფიგუმ და ვან პრააგმა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

67 წლის ჰოლანდიელმა საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

ამრიგად, ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.