ვარგასი: “არაფერია ფინალში არგენტინელების დამარცხებაზე უფრო ტკბილი”

გუშინ, კოპა ამერიკის გამარჯვებულმა ჩილეს ნაკრებმა ჩემპიონობა ჩილელებთან ერთად, საზეიმო მსვლელობით აღნიშნა. ჩილელთა შემტევმა, ვარგასმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და კიდევ ერთხელ “უკბინა” არგენტინის ნაკრებს, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაამარცხეს ფინალში.

“არგენტინელები ახლა უკვე ჩვენი ბავშვები არიან.” – განაცხადა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირმა (6 გოლი).

“ამჯერად კოპა ამერიკის მოგება გაცილებით უფრო რთული იყო, რადგანაც ჩვენთან ჩვენი გულშემატკივრები აღარ იყვნენ. ეს გაცილებით უფრო რთული იყო.

არგენტინა ყოველთვის ახერხებს ფინალებში გასვლას და არაფერია ფინალურ მატჩში მათ დამარცხებაზე უფრო ტკბილი. თუნდაც ეს პენალტების სერიაში მოხდეს.”

ბრაზილიის მწვრთნელი: “პენალტები? ეს მატჩის ბედის გადაწყვეტის არაჰუმანური გზაა”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მესის მიმართ სიმპათიები გამოხატა და აღნიშნა, რომ თამაშის ბედის პენალტებით გადაწყვეტა არაჰუმანური რამ არის.

“ჩემი გადმოსახედიდან არაჰუმანურია, როდესაც მატჩის ბედის გადაწყვეტა პენალტების სერიით ხდება. მე სხვა გზას ავირჩევდი ამისათვის.

რა თქმა უნდა პენალტების შესრულებაც ტექნიკურ შესაძლებლობებსა და მენტალურ სიძლიერეს მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება. არ ვიცი როგორ, მაგრამ როცა მნიშვნელოვან ფეხბურთელს უიღბლობის გამო მსგავსი რამ ემართება უბრალოდ უსამართლობაა.”

შეგახსენებთ, რომ ტიტემ ახლახან გამართული კოპა ამერიკის ფინალი გაიხსენა, რომელშიც არგენტინელები ჩილელებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. აცილებული პენალტისა და დასანანი მატჩის შემდეგ ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ჩიჩარიტომ ჩილესთან განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან, კოპა ამერიკის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში განადგურების (0:7) შემდეგ, მექსიკელთა ფორვარდმა და ლიდერმა, ხავიერ ერნანდესმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მოუბოდიშა.

“ბოდიშს ვუხდი ყველა მექსიკელს. ვიცით, რომ ისე ვერ წარმოვადგინეთ საკუთარი ქვეყანა, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან დარცხვენილები, ნაღვლიანები და გულნატკენები ვართ …”

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

19 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ვენესუელის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა არგენტინელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

ამ მოგებით ხერარდო მარტინოს გუნდმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ გულშემატკივარი მესისთან შესახვედრად მოედანზე შეიჭრა (ვიდეო)

როგორც იცით, დღეს დილით გაიმართა კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და პანამის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

“ალბისელესტემ” მეტოქეთა განადგურება (5:0) მოახერხა და კიდევ 3 ქულა მოიპოვა, რისი წყალობითაც ის D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს 6 ქულით.

აღნიშნულ მატჩში გამოსარჩევი იყო ლეო მესის თამაში, რომელიც მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოვიდა. მან დაახლოებით ნახევარ საათში ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა.

მატჩის ბოლოს კი მის სანახავად მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა…

არგენტინამ პანამა განადგურა, მესიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა (ვიდეო)

11 ივნისს, კოპა ამერიკის D ჯგუფში, არგენტინის ნაკრები პანამას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა. პირველ ტაიმში ამის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

სამაგიეროდ, ძალიან განსხვავებული გამოდგა მეორე ნახევარი. 61-ე წუთზე თამაშში ლიონელ მესი ჩაერთო, რომელმაც 68-ე, 78-ე და 87-ე წუთებზე სამი გოლის გატანა მოახერხა. საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე სერხიო აგუერომ დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრები თავის ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 3-3 ქულა აქვთ პანამასა და ჩილეს, ხოლო ბოლო პოზიცია 0 ქულით, ბოლივიელებს უკავიათ.

არგენტინა 5:0 პანამა
გოლები: ოტამენდი 7′, მესი 68′, 78′, 87′, აგუერო 90′

არგენტინა – პანამა: “ალბისელესტეს” მესი დაუბრუნდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა სასიხარულოდ გუნდს ლეო მესი უბრუნდება, რომელმაც გარკვეული პერიოდი ლაზარეთში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ლიდერმა კოპა ამერიკის გახსნითი მატჩი გამოტოვა, რომელიც არგენტინელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა (ჩილესთან).

“მესიმ გუნდთან ერთად ითამაშა და მზად არის პანამასთან სათამაშოდ. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გამოვიყენო ის.” – განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.

მარტინომ ჩილესთან მოპოვებულ გამარჯვებაზეც ისაუბრა:”მნიშვნელოვანი მატჩი იყო. შემადგენლობა თითქმის იგივე იყო, თუმცა უკეთ ვითამაშეთ. მაგრამ ამ დროისთვის ჩვენი მიზანი მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაა.”

არგენტინის ნაკრებმა ჩილე დაამარცხა (ვიდეო)

7 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ერთმანეთს D ჯგუფის წარმომადგენლები – არგენტინისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა – ევერ ბანეგას პასის შემდეგ ანხელ დი მარიამ ჩილელთა კარი აიღო. დაახლოებით რვა წუთში, ასისტენტის როლში თავად დი მარია მოგვევლინა, გოლი კი ბანეგამ გაიტანა – 2:0. საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ჩილელმა ნახევარმცველმა, ფუენსალიდამ დააფიქსირა, რომელმაც სერგიო რომეროს კარში გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

არგენტინა 2:1 ჩილე
გოლები: დი მარია 51′, ბანეგა 59′ – ფუენსალიდა 93′
გაფრთხილებები: დი მარია 65′, როხო 69′ – ვიდალი 19′, ისლა 44′, მედელი 65′, ბოსეხური 86′

არგენტინა: რომერო, მერკადო, ოტამენდი, როხო, რამირო ფუნეს მორი, მაშკერანო, ფერნანდესი, დი მარია (ლამელა 80′), გაიტანი (კრანევიტერი 87′), ბანეგა, იგუაინი (აგუერო 74′).

ჩილე: ბრავო, ხარა, მენა (ორელანა 54′), ვიდალი, ისლა, დიასი, მედელი, ვარგასი (პინილია 68′), არანგესი (ფუენსალიდა 82′), ბოსეხური, სანჩესი.

ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება

ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.

29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.

ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.

ამერიკის შეერთებული შტატები 0-2 კოლუმბია: სამხრეთელებმა გამარჯვებით დაიწყეს

• დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო კოპა ამერიკის საიუბილეო, რიგით 45-ე გათამაშებამ.

• კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად იმართება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

და

ტურნირის პირველი მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებს კოლუმბიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. ორივე გუნდი ა ჯგუფში არკვევენ ურთიერთობებს.

იურგენ კლინსმანის გუნდი საბრძოლო თერთმეტეულით თმაშობდა, ისევე როგორც ბოლივიასთან მოგებული მატჩის (4-0) მეორე ნახევარში. გუნდს მაიკლ ბრედლი კაპიტნობდა, მასთან ერთად კი გუნდის ლიდერის ფუნქციებს კლინტ დემფსი, ბრედ გუზანი და ფაბიან ჯონსონი ინაწილებდნენ.

რაც შეეხება კოლუმბიელებს, მათ ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჰაიტის წინააღმდეგ ჩაატარეს (3-1), რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობას მსხვილი კალიბრის ფეხბურთელები დაემატნენ – ხამეს როდრიგესი და ედუინ კარდონა.

“ლევის სტადიონზე” აშშ-ს გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს, მაგრამ კოლუმბიელებმა მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზევე მოახერხეს მათი გაჩუმება – ედუინ კარდონას კუთხურს კრისტიან საპატა გამოეხმაურა, რომელმაც ფეხით ზუსტი გასროლა განახორციელა და პირველი გოლიც გაიტანა ნაკრების მაისურით.

გოლის გაშვების შემდეგ აშშ-ს გუნდი კარგა ხანს ფლობდა ბურთს, თუმცა დავიდ ოსპინაზე დიდი წნეხი ნამდვილად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით დემფსის გასროლას 30-ე წუთზე, რაც მასპინძელთა ერთადერთი საგოლე მომენტი იყო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა – დეანდე იედლინს ბურთი ხელზე მოხვდა, რაც რობერტო გარსიამ მაშინვე შეამჩნია და პენალტიც დანიშნა. 11-მეტრიანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა გოლად გარდასახა და ნაკრების მაისურით მე-15 გოლიც გაიტანა.

მართალია, მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ვერცერთმა ამერიკულმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.

Untitled-1

ამერიკის შეერთებული შტატები: გუზანი – იედლინი, ქემერონი, ბრუკსი, ფაბიან ჯონსონი – ბედოია (ზუსი 86′), ბრედლი, ჯონსი (ნაგბე 66′) – ზარდესი, დემფსი, ვუდი (პულიშიჩი 66′).

კოლუმბია: ოსპინა – არიასი, საპატა, მურილო, დიასი – პერესი (სანჩესი 86′), დანიელ ტორესი – კუადრადო, როდრიგესი (გელისი 73′), კარდონა – ბაკა (მორენო 88′).

მესი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ლიონელ მესი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა მატჩში, სადაც არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკისთვის მოსამზადებელ ბოლო შეხვედრაში ჰონდურასელებს დაუპირისპირდა.

ჰონდურასელ სან ხუანთან შეჯახების შემდეგ ლეო კარგა ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას, მატჩის შემდეგ კი ნაკრების ექიმებმა დაადასტურეს, რომ არგენტინელ გოლეადორს ნეკნი და ზურგი ჰქონდა დაზიანებული.

თუმცა, არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ხანს გაატარებს ის ლაზარეთში და შეძლებს თუ არა კოპა ამერიკაზე ასპარეზობას, რომელიც 6 ივნისს აიღებს სტარტს.

“მესის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს. მან ძლიერი დაზიანება მიიღო, თუმცა ჯერჯერობით დიაგნოზების გამოტანა ადრეა. ” – განაცხადა ტატა მარტინომ მატჩის შემდეგ.

გადაღლილობა: სჭირდება ნეიმარს დასვენება?

2010 წლის შემდეგ, როცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა, დუნგამ გადაწყვიტა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე არ წაიყვანა, ის ნაკრებიდან არ გაუთავისუფლებიათ.

დაახლოებით ნახევარი ათწლეულის მანძილზე, “ბარსელონას” ბრაზილიელ ფორვარდს ფეხბურთში ყველაზე დიდი ტვირთის ტარება უწევს მხრებით. ამ მომენტისთვის, სწორედ ის წარმოადგენს იმ ადამიანთა იმედს, რომელთაც ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარს – იმ ადამიანთა რიცხვი კი, რომლებიც მისან მხოლოდ მოგებას ითხოვენ 200 მილიონს აჭარბებს.

“როდესაც კარიერაში დიდ ნაბიჯს დგამ, პასუხისმგებლობა დიდწილად იზრდება. ნეიმარი ამისთვის სრულად მომზადებულია.” – ასეთი განცხადება გააკეთა ზიკომ ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელ ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ დატვირთულია. ნეიმარი პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა 17 წლის ბრაზილიელმა “სანტოსში” გადაწყვიტა გადაბარგება, სადაც ის სულ ცოტა ხანში გუნდის ლიდერად და ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

ასე რომ, დატვირთულ ცხოვრებას ნეიმარი თავიდანვე მიეჩვია – როგორც იცით, ბრაზილიაში ფეხბურთი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ამასთანავე მიმდინარეობს საკმაოდ დიდ დროში გაწერილი კოპა ლიბერტადოსი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

4 წლის შემდეგ, ნეიმარმა “ბარსელონას” ყურადღებაც მიიქცია. ამ დროისთვის მას 230 მატჩი ჰქონდა ჩატარებული “სანტოსის” რიგებში, 39 – ბრაზილიის ნაკრებში.

კატალონიაში მოსვლის შემდეგ, ნეიმარის დღის განრიგი კიდევ უფრო გადაიტვირთა, მეტი ტურნირი, მეტი პასუხისმგებლობა. მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 42-ჯერ მოირგო “ბარსას” მაისური და მხოლოდ ერთხელ იქნა შეცვლილი – “მალაგასთან”, მატჩის დასასრულამდე 3 წუთით ადრე, აგვისტოში.

ამასთანავე, უკვე მეხუთე წელია, რაც ის საზაფხულო არდადეგებს ვერ იყენებს – 2011 წლის კოპა ამერიკა, 2012 წლის ოლიმპიადა, 2013 წლის კონფედერაციის თასი, 2014 წლის მუნდიალი და 2015 წლის კოპა ამერიკა.

ნეიმარი დასვენებას იმსახურებს, თუმცა ამაზე თავად მან განაცხადა უარი: “24 წლის ვარ, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენო. უნდა გავაკეთო ის, რასაც მომავალში ვერ შევძლებ.”