ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩერნომორეცს” ნება მიეცა, საშინაო მატჩები ოდესაში გამართოს. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის სუპერთასის შეხვედრასაც ოდესა უმასპინძლებს.
“სტაბილურობის განცდა უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვესაუბრე. ნება მოგვცეს, “ჩერნომორეცმა” საშინაო მატჩები კვლავ ოდესაში გამართოს.
უფრო მეტიც, “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გასამართი სუპერთასის მატჩიც ოდესაში ჩატარდება და აქ გავმართავთ სხვა საერთაშორისო შეხვედრებსაც.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე რამის მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვითარების გამო გასული სეზონის მეორე ნახევარში “ჩერნომორეცი” საშინაო მატჩებს კიევსა და დნეპროპეტროვსკში მართავდა.