ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

“ომონიას” თავკაცი: “სრულ მზადყოფნაში არ ვართ”

ხვალ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” კვიპროსის “ომონიას” მიიღებს. სტუმრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, პრესკონფერენციაზე კი “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიაფასმა განაცხადა, რომ მისი გუნდის სასურველ ფორმაში არ არის.

“მადლობას ვუხდით “დინამო ბათუმს” დახვედრისთვის და დახმარებისთვის. ეს ამ სეზონის პირველი მატჩია. ვიცით, რა ძალას ფლობს ჩვენი მეტოქე. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ვნახეთ გასული სეზონში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ამსახველი ვიდეო. სეზონის დასაწყისია და არ ვართ სრულ მზადყოფნაში. ორივე გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში არ დავმარცხდეთ”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაიაფასმა.

შეხვედრა “დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარია. შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 32 წლის მიტია ზგანეცია.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

“ომონიას” “დინამო ბათუმთან” საქომაგოდ ასზე მეტი ფანი ჩამოჰყვება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება. გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.

“დინამო ბათუმს” ისტორიის მანძილზე ევროთასებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ხუთი მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდნენ, დანარჩენ ორ დაპირისპირებაში კი ფრედ ითამაშეს.

რაც შეეხება “ომონიას”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროსარბიელზე თამაშის უფლებას არ იძლევა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში ნიქოზიის “აპოელმა”, რომელიც ამავდროულად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ლიმასოლის “აელი” დაამარცხა (4:2) და ევროპის ლიგის საგზური ავტომატურად მეოთხეადგილოსან “ომონიას” ერგო.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 29 ივნისს დაიწყება.

“ომონია” ჩარტერული რეისით ქუთაისში, 30 ივნისს ჩამოფრინდება. მატჩისწინა ვარჯიში მათივე მოთხოვნით დახურული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა გუნდს საქომაგოდ მინიმუმ ასი ფანი ჩამოჰყვება.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და კვიპროსულ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპასუხო შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელების თაობაზეც. წყვილის განმეორებითი მატჩი 9 ივლისს, ნიქოზიაში შედგება.