წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.