უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი გამოეხმაურა.
“გუშინ სტადიონზე ასეთი ბანერების გამოფენის ფაქტით შეშფოთებულნი ვართ. მე შევხვდი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებს და დამნაშავეების გამოვლენა ვთხოვე. ასეთი პროვოკაციის დაშვება არ შეიძლება. “დინამოს” სურს, რომ უეფას მიმართოს, ჩვენ ქართული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ყველაფერში ჩვენი კლუბი დამნაშავე არ არის. ეს ბანერები ჩვენი ფანკლუბის ტრიბუნაზე არ გამოუფენიათ. დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს ადამიანები გამოავლინონ და დასაჯონ. პატივი უნდა ვცეთ სხვა ქვეყნების ატრიბუტიკასა და დროშებს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ სხვებისგან. რაც არ უნდა მომხდარიყო, სხვა ქვეყნის ატრიბუტიკას პატივი უნდა ვცეთ. პირველ მატჩი ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი პროვოკაციული ქმედება არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ჩვენ უფრო ტოლერანტული უნდა ვიყოთ”, – ციტირებს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს სპორტული პორტალი azerisport.com
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.
“დინამო თბილისი” აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უეფას მიმართოს.