უეფას სუპერთასი: მსაჯების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც თბილისში გასამართ უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩს განსჯიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ექვსი მატჩი განსაჯა, მათ შორის “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრა. კოლამს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში აქვს ნამსაჯი. გარდა ამისა, 29 წლის ასაკში მან 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იმსაჯა, რომელიც იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ჩატარდა.

კოლამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2006 წელს გახდა. მას უეფას ტურნირებზე 67 მატჩი აქვს განსჯილი.

ხაზის მსაჯი: დამიენ მაკგრეითი (ირლანდია);
ხაზის მსაჯი: ფრენსის კონორი (შოტლანდია);
მეოთხე მსაჯი: გრემ ჩემბერსი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: ბობი მედენი (შოტლანდია);
მსაჯის დამატებითი თანაშემწე: კევინ კლენსი (შოტლანდია).

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” ჩატარდება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.