კაფუ გაკოტრების წინაშეა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაფუ რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

საფეხბურთო სააგენტოს, რომელსაც 49 წლის ბრაზილიელი უკვე 15 წელია ფლობს, დიდი ფინანსური დანაკარგი აქვს, გაკოტრების წინაშეა და კაფუ იძულებული ხდება, პასუხი საკუთარი ქონებით აგოს.

“ეს ჩემი პირადი პრობლემაა. ვალების დასაფარად მზად ვარ, საკუთარი ქონება, ავტომობილები და სახლი დავთმო”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ კაფუ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (1994, 2002), მიმდინარე წლის ივნისის თვეში კი 2022 წლის მუნდიალის ელჩად აირჩიეს.

კაფუ: “ნეიმარი რამდენიმე წელიწადში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კაფუმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მისი თანამემამულე ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინება.

“ნეიმარი მესისა და რონალდუს ბევრად არ ჩამორჩება. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება.

მესი თუ რონალდუ? ეს დავა დიდი ხანია გრძელდება, რადგან ეს ორი მოთამაშე დანარჩენებისგან გამოირჩევა. ეს წელიც რონალდუსი და მესის იქნება. ვფიქრობ, რომ რონალდუს უპირატესობა აქვს, ვინაიდან იგი მთელი სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს Goal.com-ი.

კაფუ: “ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ნეიმარი აღარ უნდა იყოს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კაფუმ განაცხადა, რომ “სელესაოს” კაპიტნის სამკლავურს ნეიმარი არ უნდა ატარებდეს, რადგან იგი არ არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.

“ნეიმარი არ არის ბუნებრივი ლიდერი. ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს.
ნეიმარი ფეხბურთის სათამაშოდ და ბურთთან ურთიერთობით სიამოვნების მისაღებად არის მოვლენილი. მისი მოვალეობა მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა იყოს.
ეს არ გახლავთ კრიტიკა. ბევრი ვარსკვლავი არ ყოფილა კაპიტანი. ნეიმარი კერპია. მას უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ კაპიტანი მაინც არ უნდა იყოს.
კაპიტანი უნდა იყოს ყველა თანაგუნდელისთვის ლიდერის ეტალონი”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს BrazilStats-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მანამდე ტიაგო სილვა იყო, თუმცა “სელესაოს” თავკაცმა კარლოს დუნგამ სამკლავური ნეიმარს გადასცა.