“პარტიზანის” თავკაცი: “დილასგან” განსხვავებულ თამაშს მოველით”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. სერბები საქართველოს დედაქალაქში დღეს დილით ჩამოფრინდნენ, მატჩისთვგის თბილისშივე ემზადებიან.

“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხვალ “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს მოელის.

“გვინდა, რომ ორი მატჩის ჯამში “დილას” ვაჯობოთ. ბელგრადში დადებით შედეგს მივაღწიეთ, რაც მიზნის გასაიოლებლად მნიშვნელოვანი იყო. “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ბელგრადში მეტოქისგან ბევრი არაფერი გვინახავს და სიფრთხილე გვმართებს.

“პარტიზანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვს. იქამდე მისასვლელი გზა იოლი არ არის, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მომენტების გამოყენების მხრივ პრობლემები გვქონდა, ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაცილებით ეფექტიანად ვიმოქმედეთ (“პარტიზანმა” “მეტალაცი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა – ავტ).

ბელგრადიდან დღეს დილით ჩამოვედით. დიდი გზა გამოვიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავით. გორამდე ჩასვლა დამატებით დროს მოითხოვდა. ჩვენი მიზანი არ იყო, რომ მთელი დრო მოგზაურობაში დაგვეხარჯა. ვიცით, რომ გორი კარგ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა “პარტიზანის” თავკაცმა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სოსიაშვილი: “ამ მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ვატარებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

“რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონის გაივსება. ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის “დილა” მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა.

გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.