ხელბურთი: რუსმა გოგონებმა რუმინელები დაამარცხეს

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით B ჯგუფში რუსეთისა და რუმინეთის გოგონათა ნაკრებებს შორის გამართული მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში თამაშობს საქართველოს გოგონათა ნაკრებიც, რომელიც ჩეხეთთან დამარცხდა.

რუსებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და საწყის წუთებში 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. რუმინელებმა პირველი ქულის აღება მხოლოდ მე-9 წუთზე შეძლეს. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი რუსეთის ნაკრების არცთუ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 14:10 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში რუმინელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, თუმცა რუსებმა მაინც იმძლავრეს და მატჩი ანგარიშით 23:20 მოიგეს.

დღეს ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: 18:00 საათზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ. 20:00 საათზე რუმინელები და ჩეხები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას. ორივე შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება, რომელიც შენობის მესამე სართულზეა.

მესამე, დასკვნითი ტურის შემდეგ ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგი გვექნება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალებში.

პირველ ნახევარფინალში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. დანარჩენი გუნდები მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე-მერვე პოზიციებისთვის ითამაშებენ.

 

ალექსი ახვლედიანი: “ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ჩვენს ქვეყანას 0 ლარი დაუჯდა”

დღეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედია-ცენტრში გახსნითი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და “თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს. უცხოელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ოლიმპიური სოფლით და დაინტერესდნენ, თუ რამდენი დაუჯდა სახელმწიფოს ობიექტის მშენებლობა.

“ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ნული ლარი დაუჯდა. ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტორი, რომელსაც სიმბოლურ ფასად გადაეცა ტერიტორია. ინვესტორმა მოაწყო ოლიმპიური სოფელი, რომელსაც ფესტივალის დასრულების შემდეგ რეალიზაციას გაუკეთებს. ეს კარგი მაგალითია და ბევრია ასეთი შემთხვევა. რაც შეეხება ობიექტების მშენებლობას, ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე შესაძლოა, მცირედი უზუსტობა დავუშვა, თუმცა გეტყვით, რომ ავაშენეთ შვიდი ახალი არენა და ხუთ ობიექტს რეაბილიტაცია გავუკეთეთ, რაც დაახლოებით 60-65 მილიონი ლარი დაჯდა”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

პატრიკ ჰიკიმ კმაყოფილება გამოთქვა ობიექტებისა და ოლიმპიური სოფლის მდგომარეობით და დარწმუნებით განაცხადა, რომ თბილისი ღირსეულად უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

ბოლოს ალექსი ახვლედიანმა პატრიკ ჰიკისა და ლერი ხაბელოვს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა პატრიკს. ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება და ეს განაპირობა ჩვენმა ერთობამ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტი ერთ განუყოფელ ორგანიზაციად იქცა. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ლერი ხაბელოვს, ვიცე-პრეზიდენტებს. მათ ჩვენზე გააკეთეს არჩევანი, ნდობა გამოგვიცხადეს და ამ ნდობამ იმედები არ გაუცრუათ”, – დასძინა ალექსი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” ოფიციალურად გაიხსნება.