სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — “თბილისი 2015”-ის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა ბედი ელის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებეულ ობიექტებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ ახალი არენების მართვის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი არსებობს.
“ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვმართოთ ობიექტები. შესაძლოა, არენები გადაეცეთ შესაბამის ფედერაციებს, რომლებსაც შეუძლიათ, მენეჯმენტი გასწიონ, თუმცა უკეთესი ვარიანტია, რომ ობიექტების მართვას მთავრობა ახორციელებდეს. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც. ასეთ შემთხვევაში ობიექტებს მენეჯმენტს ნახევრად მთავრობა, ნახევრად ფედერაციები გაუწევენ”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.