ზუსტად 39 წლის წინათ თბილისის “დინამომ” ესპანეთში გამართულ ამხანაგურ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
ლა ლინეას თასი საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გახლდათ, რომელიც 1970 წლიდან სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში ტარდებოდა. 1976 წელს ტურნირში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ “ამსტერდამთან”, “ვალენსიასთან” და “მალაგასთან” ერთად თბილისის “დინამომაც” მიიღო. 7 აგვისტოს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში “მალაგასთან” უგოლოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ “დინამო” პენალტების სერიაში დამარცხდა. ნისლის გამო ეს შეხვედრა მხოლოდ 60 წუთს გაგრძელდა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვალენსიამ” საფეხბურთო კლუბი “ამსტერდამი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელიც ნახევარფინალიდან მეორე დღესვე გაიმართა, “დინამომ” “ამსტერდამი” ანგარიშით 6:1 დაამარცხა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულა ვიტალი დარასელიამ, თითო-თითო გოლი რევაზ ჩელებაძემ, მანუჩარ მაჩაიძემ, დავით ყიფიანმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.
“ვალენსიასა” და “მალაგას” შორის გამართული ფინალური მატჩიც უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ანდალუსიელებმა იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
1991 წლიდან ტურნირზე მონაწილეობას მხოლოდ ორი გუნდი იღებდა და მათ შორის პირდაპირ ფინალური მატჩი იმართებოდა. ეს ტურნირი უკანასკნელად 2004 წელს ჩატარდა, როდესაც მადრიდის “ატლეტიკომ” “სარაგოსა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
გაზეთ “მარკას” საარქივო მასალა ნახევარფინალის შესახებ