უეფას სუპერთასის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “სევილიას” მარჯვენაფლანგელმა მცველმა კოკემ განაცხადა, რომ დანაკლისის გამო შესაძლოა, მას ცენტრში მოუწიოს თამაში, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კოკეს თქმით, მის გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ღირსეულად თამაში და გამარჯვების მოპოვება.
“როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა, მწვრთნელი რა პოზიციაზეც დამაყენებს, იქ უნდა ვითამაშო და შესაბამისი დავალება შევასრულო.
ალბათ, “ბარსელონაში” მეტი ცვლილება მოხდა, ვიდრე ჩვენთან, თუმცა კატალონიურ გუნდს აქვს ურყევი ფილოსოფია. იმედია, ხვალ 90 წუთის განმავლობაში მოგვცემა ჩვენი თამაშის ჩვენების სასუალება.
ჩვენ ევროპის ლიგის ფინალში კონოპლიანკას წინააღმდეგ ვითამაშეთ და ძალიან გაგვიჭირდა, პირადად მე ვიყავი მისი მეურვე. ახლა ის ახალ ქვეყანაში, ახალ ლიგაში თამაშობს და ეს მისთვის გამოწვევაა. ადაპტაცია არ არის იოლი პროცესი, თუმცა მჯერა, რომ იგი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.
ნეიმარის არყოფნა “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისია, მას პედრო ჩაანაცვლებს. ესპანელს გასულ სეზონში ისეთი სიხშირით არ უთამაშია, როგორც ნეიმარს, თუმცა მან საკლუბო და სანაკრებო დონეზეც დაამტკიცა, რომ შეტევაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც.
“სევილიას” უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია თამაში. ასე რომ, ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ, ჩვენც გვიქომაგონ”, – აღნიშნა კოკემ.
მატჩი სამშაბათს, “დინამო არენაზე”, 22:45 საათზე დაიწყება.