მცველი ლევან ქურდაძე ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა და 2015/16 წლების სეზონში სწორედ ამ კლუბში ითამაშებს. Fanebi.com ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა
– ლევან, „გურიაში“ მეორედ როგორ მოხვდით?
– აქ კარგად მიცნობენ. „გურიაში“ ერთი წლის წინაც ვთამაშობდი და დაბრუნება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი
– შარშან გუნდი რა მიზეზით დატოვეთ?
– ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო. თანაც სხვა გუნდების შემოთავაზება მქონდა და, საბოლოოდ, „ზუგდიდში“ აღვმოჩნდი
– „ზუგდიდიდან“ გურიის გამო დატოვეთ თუ ისედაც აპირებდით გუნდის დატოვებას?
– არა, „ზუდიდთან“ კონტრაქტი ამომეწურა და წამოვედი
– შეთანხმების გახანგრძლივებაზე საუბარი თუ იყო?
– შუა სეზონში მწვრთნელი შეიცვალა, მას თავისი შეხედულებები ჰქონდა და ბოლოს თანამშრომლობის გაწყვეტაზე შევთანხმდით
– ახლა „გურიასთან“ კონტრაქტი რამდენი ხნით გააფორმეთ?
– ერთი წლით
– თანამშრომლობის გახანგრძლივების ალბათობა არ განიხილეთ?
– ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მსგავს საკითხებზე სეზონის შემდეგ ვიფიქროთ
– ჩემპიონატს პარასკევს „სიონთან“ შეხვედრით იწყებთ…
– ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ. „სიონი“ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, წინ საინტერესო მატჩი გველის
– გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. „გურიაში“ დაბრუნების შემდეგ კიდევ რა სახის ცვლილებები დაგხვდა?
– კახისთან საქმიანი ურთიერთობა აქამდეც მქონია. ვფიქრობ, საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელია. სამუშაო პროცესს რაც შეეხება, ის ძირითადად ბურთთან ერთად დატვირთვას ეთმობა. ამ მხვრივ, არაფერი შეცვლილა
– როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდული გუნდი გყავთ. შემადგენლობიდან ვის გამოარჩევდით?
– გამორჩევა გამიჭირდება, საკმაოდ დაბალანსირებული და შეთამაშებული გუნდი ვართ
– გუნდის ლეგიონერებზე რას იტყვით?
– უკრაინელი დიმა ზაზულია გამოცდილია, რაც გუნდს ძალიან გამოადგება
– გასაგებია, რომ ჩემპიონატში ბრძოლა რთული იქნება, მითუმეტეს წელსაც 16-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება. რა მიზანი აქვს წლევანდელ სეზონში გუნდს?
– რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ
– ჩემპიონატის კალენდრიდან ყველაზე რთული რომელი პერიოდი იქნება?
– ვფიქრობ, ჩემპიონატის დასაწყისი, რადგან თამაში ოთხ დღეში ერთხელ მოგვიწევს