ჯიღაური: “მჯერა, რომ “დინამო” წელს ჩემპიონი გახდება”

დღეს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც თბილისის “დინამომ” ტურნირის დებიუტანტი, თერჯოლის საპოვნელა 4-0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, Fanebi.com-მა ექსკლუზიური კომენტარი დუბლის ავტორთან, ჯაბა ჯიღაურთან ჩაწერა.

– მოგესალმებით ჯაბა, პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ მატჩში გამარჯვებას, მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმე. როგორ შეაფასებდი შენს მიერ გატანილ გოლებს და გუნდის თამაშს დღევანდელ მატჩში?

– პირველ რიგში, ვულოცავ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. მინდა ავღნიშნო დღევანდელი მატჩი, კარგად ჩავატარეთ. მთავარია, შედეგზე ორიენტირებული თამაში იყო და გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. კარგი სტარტი შემდეგი თამაშებისთვის აუცილებლად გამოგვადგება და მე მჯერა, წარმატებით გავაგრძელებთ ეროვნულ ჩემპიონატს.

– როგორ გააგრძელებს მომდევნო მატჩებზე ბრძოლას დედაქალაქური კლუბი და რა იქნება ქართული ფლაგმანის მიზნები მიმდინარე სეზონის განმავლობაში?

– ამას უკვე შემდეგი თამაშები გვაჩვენებს. ჩვენ ძალას არ დავიშურებთ მოგებისთვის და მჯერა, რომ თბილისის “დინამო” წელს ჩემპიონი გახდება.

ვის მიუძღვნა გუშინდელ მატჩში სამქულიანი გოლი გიორგი ხარაიშვილმა? – ექსკლუზიური ინტერვიუ “საბურთალოს” კაპიტანთან

გუშინ საქართველოს ჩემპიონატის 27-ე სეზონის პირველმა ტურმა აიღო სათავე. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ცხინვალის “ცხინვალი” ტურნირის დებიუტანტ “საბურთალოსთან” 1-2 დამარცხდა.

Fanebi.Com-თან კომენტარი “საბურთალოს” კაპიტანმა და გამარჯვების გოლის მომტანმა, გიორგი ხარაიშვილმა გააკეთა.

– გიორგი, პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. საბურთალომ უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა, როგორ შეაფასებდით გუშინდელ დღეს?

– გაიხარე. გუნდისთვის, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებს უმაღლეს ლიგაში, რა თქმა უნდა, ამას დაძაბულობა და ნერვილობა მოჰყვება. პირველ ტაიმში დაგვეტყო კიდეც ეს და გოლიც გავუშვით. მაგრამ, მეორე ტაიმში რწმენით და მონდომებით ანგარიში შემოვატრიალეთ ჩვენს სასიკეთოდ.

– მოდი, დავიწყოთ თავიდან. რამდენი წელია დადიხარ ფეხბურთზე, რომელ გუნდში მოხვდი პირველად და თუ შეგიძლია გაიხსენო ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?

– ათი წელია, რაც ფეხბურთზე დავდივარ. “ოლიმპში” ვიყავი პირველად და ჩემი პირველი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი იყო.

– რამდენი წლის იყავი, როდესაც საბურთალომ აგიყვანა? მოგვიყევი ამ ტრანსფერის ისტორია.

– ხუთი წელიწადი “ოლიმპში” ვითამაშე, მაგრამ კონტრაქტი “საბურთალოსთან” მქონდა. 2009-ში სწორედ “საბურთალოში” გადავედი.

– გყავს თუ არა ადამიანი, რომელსაც მთავარ სტიმულატორად აღიქვამ?

– ჩემი ყველა ძვირფასი ადამიანი ჩემთვის დიდი სტიმულია.

– მოდი, ახლა ისევ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ. სამქულიანი გოლი გუშინდელ დაპირისპირებაში სწორედ შენ გაიტანე. რა გრძნობა დაგეუფლა გატანილი გოლის შემდეგ და მიუძღვენი თუ არა ის ვინმეს?

– სასიხარულოა, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მატჩში, სამქულიან, გადამწყვეტ გოლს იტან, მითუმეტეს ბოლო წუთებზე. გუშინდელი გოლი და თამაშიც თავიდანვე ვიცოდი ვისთვის უნდა მიგვეძღვნა. გუშინ, ჩვენს დირექტორს, კახა ჭუმბურიძეს დაბადების დღე ჰქონდა. ცოტა კი ვინერვიულეთ, მაგრამ მაინც კარგი საჩუქარი გამოგვივიდა.

– წარმატებული სტარტი სეზონზე ყოველთვის მოქმედებს. გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მიმდინარე სეზონის განმავლობაში?

– ახალგაზრდული გუნდი ვართ და გამოცდილების მხრივ პირველი სეზონი გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც გუშინ, ყველა თამაშისთვის მოსაგებად გავალთ. ჩვენზე რაც დამოკიდებული იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ.