რას აცხადებდა ზურაბ ხიზანიშვილი შოტლანდიის ნაკრებთან მატჩამდე

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩამდე, “ჯვაროსანთა” გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ცხადაძემ ეს მატჩი უკვე მოიგო. როგორც ჩანს, ხიზანიშვილი მართალი აღმოჩნდა.

“მთავარ მწვრთნელს ეტყობა, რომ ამ მატჩისათვის მაქსიმალურად კარგად ემზადება და გადაჭარბებული თუ არ გამომივა, რასაც ვატყვობ, ვფიქრობ, რომ ეს თამაში კახამ უკვე მოიგო.

სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარე და გამოცდილებით ვხვდები, რა მომენტში გრძნობს მწვრთნელიც და ფეხბურთელიც, რომ კონკრეტულ თამაშში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ახლას სწორედ ასეთი მომენტია და მიმაჩნია, რომ წარმატებით თამაში შეგვიძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხადაძეს სურს, რომ წარმატებას კარგი ფეხბურთის თამაშით და შემტევი სტილით მივაღწიოთ, რაშიც ფეხბურთელებიც ვეთანხმებით,” ვკითხულობთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის პროგრამაში.

გორდონ სტრაჩანი: “ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ჩემი აზრით, დღეს ჩვენი თამაში მოსაგებად საკმარისი არ იყო, თუმცა არ წაგებას ვიმსახურებდით. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. ვფიქრობ, სანამ გოლს გავუშვებდით, ჩვენს კართან სერიოზული ხიფათი არ შექმნილა. გადამწვყეტ მომენტებში ცოტა დაგვაკლდა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდა. ვწუხვართ, რომ დავმარცხდით, თუმცა ჩვენ მიზნის მიზნის მიღწევის შანსი ისევ გვაქვს.

ქართველთა მეკარეს თამაშში ჩართვა ხშირად არ უწევდა. ჩვენი კომბინაციებით ფონს გასვლა ვერ შევძელით.

სიცხის ფაქტორი შეიძლება გასამართლებლად გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არასწორი იქნება. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა.

რა თქმა უნდა, საწმუხაროა, რომ შეხვედრა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს. ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ.

სამი მატჩი დაგვრჩა სათამაშო. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. მარცხი მალევე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.”

კახა ცხადაძე: “გვინდა, რომ გუნდური თამაში ვაჩვენოთ”

შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“31 აგვისტოს მომზადება დავიწყეთ. მოკლე პერიოდში რთული თამაშები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს. ძალიან რთული მატჩები გველის. ორივე გუნდს მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ. შოტლანდიელები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. დიდი ხანია ოფიციალური მატჩი არ მოგვიგვია, ეს კი ჩვენი მოტივაციაა. ამ შეხვედრებში უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია.

როცა ფეხბურთელი უთამაშებელია, ეს პრობლემაა. ჩვენ მაღალი დონის მეკარეები გვყავს. გადაწყვეტილი მაქვს, ვინ დადგება კარებში. ფეხბურთელებმა იციან, რა გვინდა ჩვენ და რას ვითხოვთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და აუცილებელია, ფეხბურთელებმა მათი მოვალეობა შეასრულონ. აუცილებელია, ხვალ დადებითი შედეგი მივიღოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდური თამაშის ჩვენება გვსურს.

შოტლანდია თანამედროვე და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. ბრიტანული ფეხბურთი გამოირჩეოდა ათლეტური თამაშით და გრძელი გადაცემებით, მაგრამ შოტლანდიამ ბოლო დროს ეს მითი დაამსხვრია. მეტოქე სქემას იშვიათად ცვლის. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი დონის გუნდებთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ ყველა მატჩს ვაანალიზებთ და გვინდა, რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ. ნაკრებში მოსულ ფეხბურთელებს თავიდან ვერ მოვამზადებთ, ისინი კლუბებში უნდა მოემზადონ. პოლონეთთან მატჩში, კონცენტრაციის დაკარგვის გარდა, ბოლო წუთებში დავიღალეთ. თუმცა, ვფიქრობ, ფსიქოლიგურად გავტყდით. დიდი ძალებით ვუტევდით, მაგრამ მეორე გოლის მიღების შემდეგ ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ შეხვედრა უკვე წავაგეთ. ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია, სხვაგან ასე არ იქცევიან. იმ შემთხვევაში თუ უბურთოთ ვირბენთ, არანაირი ფუნქციალური მდგომარეობა არ გვექნება. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები სირბილი მოგვიწევს.

ფეხბურთი მარტო სირბილი არ არის. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. რაც შეეხება კაკაბაძეს, მას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში მოვიაზრებთ. კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ გავუშვით, რადგან გუნდში მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი გვრჩებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იმუშაონ. გველესიანს ისეთი მონაცემები აქვს, რომ გერმანიაში მას უკვე ნაკრების ფეხბურთელად აქცევდნენ. მთავარია, ფეხბურთელებმა იშრომონ. რაც უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები გვეყოლება, მით უფრო მაღალ მიზნებზე ვიფიქრებთ.”