“იუვენტუსმა” დუგლას კოსტა წარადგინა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” დუგლას კოსტა წარადგინა. 26 წლის ფეხბურთელი “ბებერი სინიორაშ” რიგებში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“იუვენტუსის” თამაში ყოველთვის მხიბლავდა, ამიტომ შანსი ხელიდან არ გავუშვი და აქ გადმოვედი. იტალიელებს ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვთ, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ძალისხმევას არ დავზოგავ იმის დასამტკიცებლად, რომ ტყუილად არ დამიმატეს. კლუბმა ძალიან თბილად მიმიღო.

ჯერ არ ვიცი, რა პოზიციაზე ვითამაშებ “იუვენტუსში”. “შახტარში” მარჯვნივ ვთამაშობდი, “ბაიერნში” კი – მარცხნივ. მზად ვარ, რომ გუნდს ნებისმიერ ამპლუაში დავეხმარო”, – დუგლას კოსტას კომენტარი “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ბაიერნი” და “იუვენტუსი” დუგლას კოსტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

გერმანული “ბილდის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” და ტურინის “იუვენტუსი” დუგლას კოსტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. “ბებერი სინიორა” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გაიღებს, თუმც თავდაპირველად გერმანელები 50 მილიონს ითხოვდნენ.

“იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ “ბაიერნმა” იტალიურ მხარეს დუგლას კოსტას წარმომადგენლებთან შეხვედრის უფლება მისცა.

“ბაიერნისგან” დუგლას კოსტას აგენტთან მოლაპარაკების წარმოების უფლება მივიღეთ. ვიცი, რომ ფეხბურთელსაც სურს ჩვენთან გადმოსვლა”, – ციტირებს მაროტას სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

დუგლას კოსტამ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

დუგლას კოსტა სერია A-ში?

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა დუგლას კოსტამ კარიერა შესაძლოა, იტალიის სერია A-ში გააგრძელოს, კერძოდ, 26 წლის ბრაზლიელი ფეხბურთელით ტურინის “იუვენტუსი” გახლავთ დაინტერესებული.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, დუგლას კოსტას მიმართ ინტერესს პირადად “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იჩენს.

წყაროს თანახმად, “ბაიერნი” დუგლას კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

დუგლას კოსტა: “ოქროს ბურთის” მოგება მინდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი გარემარბი დუგლას კოსტა საკუთარ თავს საკმაოდ მაღალ მიზანს უსახავს.

“ჩინეთიდან და ევროპის რამდენიმე დიდი კლუბისგან საინტერესო შემოთავაზებები მივიღე. სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ.

ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული. ტიტულების მოგება მინდა, ამიტომ “ბაიერნის” დატოვება არ მსურს. აქ ჩემი მაქსიმუმის ჩვენების შესაძლებლობა მაქვს. “ოქროს ბურთის”, ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მინდა.

მიუნხენელებთან ერთად ყველა საკლუბო ტიტულის მოპოვებას ვაპირებ, სანაკრებო დონეზე კი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობ. სწორედ ამის შემდეგ დავფიქრდები იმაზე, მჭირდება თუ არა ახალი გამოწვევები”, – დუგლას კოსტას კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.

დუგლას კოსტამ გოლი სელფით აღნიშნა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე მიუნხენგლადბახის “ბორუსია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ერთი ბურთი დუგლას კოსტამ გაიტანა, რომელმაც გოლი ქომაგებთან ერთად სელფის გადაღებით აღნიშნა.

Douglas Costa selfieDouglas Costa selfie2Douglas Costa selfie3

დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.