რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ახალი სეზონისთვის ვარჯიში განაახლა. თბილისელებმა საწვრთნელი პროცესი “ბენდელას” სტადიონზე ჩაატარეს.
ორი კვირის განმავლობაში კლუბი ადგილზე მოემზადება, შემდეგ კი გეზს უცხოეთისკენ აიღებს და ევროპაში დაასრულებს მზადების ციკლს. თბილისური კლუბი მხოლოდ ლაშა თოთაძემ დატოვა, რომელიც იჯარის წესით თამაშობდა “საბურთალოში”. რაც შეეხება ახალწვეულებს – ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ გიორგი ბუხაიძეა.
ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს გურამ გოშთელიანმა და გიორგი კოხრეიძემ. რეაბილიტაციის კურს გადის გიორგი ხორხელი, რაც შეეხება სანდრო ალთუნაშვილს – როგორც ექიმები ამბობენ, ამპლუით ნახევარმცველი კლუბს, სავარაუდოდ, 10 დღეში შეუერთდება.
უცხოეთში გამგზავრებამდე “საბურთალოს” ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – კლუბი 6 ივლისს პირველლიგელ “გაგრას” დაუპირისპირდება, 9 რიცხვში კი უმაღლესლიგელ “ცხინვალთან” მოსინჯავს ძალებს.