მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა გუნდის მთავარ მწვრთნელ იური სიომინს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქართველები “ლოკომოტივში” ყოველთვის კარგად თამაშობდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, კვირკველია ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელია და “ლოკომოტივში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს.
“არ ვიცი, რა თქვა სიომინმა “ლოკომოტივში” მოთამაშე ქართველებზე, მაგრამ მე მისი მადლიერი ვარ. იგი ძალიან დამეხმარა. რომ არა სიომინი, არ ვიცი, სად ვიქნებოდი ახლა. ვიჯდებოდი სახლში და ვუყურებდი რუსეტის ჩემპიონატს. ჩემდამი გამოხატული ნდობისთვის სიომინის მადლიერი სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული. “ლოკომოტივში” დარჩენის სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს. როგორც კლუბი გადაწყვეტს, ისე იქნება”, – აღნიშნა კვირკველიამ.