ცინცაძე: “აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ!”

დღეს თბილისის “დინამო” სომხურ “ალაშკერტთან” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს შეხვედრას. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან ქართული კლუბის ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ ისაუბრა.

“ფავორიტები ვართ და ეს სტატუსი უნდა გავამართლოთ. პირველ რიგში, აუცილებელია სახლის ფაქტორი გამოვიყენოთ. ჩვენ საკუთარ კედლებში უნდა ვიასპარეზოთ, რაც უპირატესობას გვანიჭებს. ასევე, გეტყვით, რომ  “დინამო არენაზე” მაქსიმალურად აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.”

“დინამო” დიდი ხანია ცდილობს წარმატების მიღწევას ევროტურნირებზე. ვერ ვიტყვი, რომ წელს გუნდი წინა წლებთან შედარებით რამით ძლიერი ან სუსტია. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, გავიდეთ მოედანზე და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ!” – განაცხადა მათე ცინცაძემ.

იარაბეკი: „დინამო“ კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია“

თურქეთში საქართელოს უმაღლესი ლიგის ამჯამინდელი ლიდერის თბილისის „დინამოს“ შეკრებაზე ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი გამოდგა – თბილისელებმა 5 მატჩდან 4 მოიგეს, ბოლო შეხვედრაში კი მოგება ხელიდან მხოლოდ ბოლო წუთებზე გაუშვეს და ლვოვის „კარპატის“ დაუზავდნენ (3:3). კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას განვლილი შეკრება „დინამოს“ ახალმა თავკაცმა იურაი იარაბეკმა შეაჯამა, რომელმაც გუნდს პირველად სწორედ თურქეთში უხელმძღვანელა.

პირველი შთაბეჭდილება გუნდზე

სულ ორიოდე კვირაა, რაც ერთად ვართ შეკრებაზე. პირველი შთაბეჭდილება, რაც შემიძლია ვთქვა დინამოზე არის – კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი. გუნდში მაღალ დონეზეა დისციპლინა. მე აქამდეც აღვნიშნე, რომ დინამოს დიდი პოტენციალი აქვს. შეკრებაზე გავიცანი ბიჭები არა მხოლოდ სათამაშო, არამედ პიროვნული მხრიდანაც. ვნახე როგორ ვარჯიშობენ, როგორი ხასიათი აქვთ.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სტაფს და გუნდის უფროსს, ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან დამყარებული კარგი კომუნიკაციისთვის.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დინამო მაღალტექნიკური გუნდია. ტაქტიკური თამაშის მხრივ არ შემხვედრია პრობლემა. 4-4-2 იქნება თუ 4-4-1-1 ფეხბურთელებს კარგად აქვთ ათვისებული ეს წყობა და ნათლად ესმით ამოცანა. ვითხოვ უფრო სწრაფ თამაშს და პრესინგს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები კარგად ავსებენ ერთმანეთს. ყველა პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა. რამდენიმე სპარინგ შეხვედრის რიგ ეპიზოდებში და გარკვეულ ფაზებში ფეხბურთელებმა დაკარგეს კონცენტრაცია. საჭიროა პირველიდან ბოლო წუთამდე მთლიანი მობილიზირება და ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ.

მოსამზადებელი ეტაპი და შეკრება
შეკრებაზე მშვენიერი პირობები დაგვხვდა. სასტუმრო, მოედნები, აღდგენა, კვება და სპარინგები. რაც გვჭირდებოდა აბსოლიტურად ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. აღვნიშნავ, რომ გუნდში მთელი სტაფი, განურჩევლად მოვალეობისა პროფესიონალურად და ევროპულ დონეზე მუშაობს. აქვე დავამატებდი, რომ თავისი საწვრთნელი ბაზით, მოედნებით, აკადემიით, სტადიონით და საერთოდ ინფრასტრუქტურით, დინამო თბილისი მაღალი დონის ევროპული კლუბია.
სპარინგებზე
ხუთი საკმაოდ საინტერესო თამაში ჩავატარეთ. სპლიტი, ბატე, ვოივოდინა, სლოვანი, კარპატი… ყველა მეტოქე ევროპული, საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათ დახასიათებას ცალკე აღარ შეუდგები. რეზულტატების გარდა ჩვენ საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვითამაშეთ კომბინაციური ფეხბურთი, დაცვისა და თავდასხმის ხაზის მონაცველობის საკმაოდ კარგი რიტმით და ამაზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე ყველა ფეხბურთელი ვნახე საქმეში. კონკურენცია მაღალია და ეს ავტომატურად უზრუნველყოფს მათ პროგრესს.

გუნდის გაძლიერება
მე გუნდში თავიდანვე ვთქვი, რომ თუ გავძლიერდებით ლეგიონერით- ის აუცილებლად უნდა სჯობდეს ადგილობრივ მოთამაშეს. ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელები გვყავს და შესაბამისად თუ ლეგიონერს მოვიყვანთ, იგი აუცილებლად მაღალი დონის უნდა იყოს. დრო გვიჩვენებს, რომელი პოზიცია უფრო მეტად საჭიროებს გაძლიერებას.

დინამოს მიზნები
მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. აი შემდეგ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოვხვდეთ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვთვლი, რომ ჩემს გუნდს აქვს ამის პოტენციალი.

თბილისის „დინამოს“ ახალი თავკაცის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

კახა ცხადაძის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მის შესაძლო შემცვლელად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოიაზრება.

რამდენიმე საათის წინ კი სლოვაკურმა რესურსმა sport.sme.sk-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისურ კლუბს სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი ჩაიბარებს.

„დინამო თბილისი“ დიდებული კლუბია. მას ისტორია აქვს, 1980/81 წლების სეზონში „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

როდესაც საქართველოს ახსენებთ, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ქვეყანა, ფეხბურთის მხვრივ, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი გააჩნია. აქ ადგილობრივი მოთამაშეები გამოდიან, „დინამოში“ მხოლოდ ერთი ლეგიონერი ირიცხება.

გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ეროვნულ ნაკრებში სამუშაოდ გადადის. მე „დინამოს“ მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც აქამდე „ზესტაფონში“ მუშაობდა. ამ კლუბს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლისას შევხვდი, მაშინ ტრნავის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი“, – განუცხადა იარაბეკმა ტრნავის „სპარტაკის“ ოფიციალურ არხს.

მთავარი მწვრთნელის რანგით, იარაბეკის მიღწევები არც ისე შთამბეჭდავია. 2009/10 წლების სეზონში მისი თავკაცობით „ზლატე მორავცემ“ რანგით მეორე სლოვაკური ლიგა მოიგო. 2013/14 წლების სეზონში, ტრნავის „სპარტაკში“ მუშაობისას, მისმა გუნდმა სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში „სპარტაკმა“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიაღწია. 2015 წლის აგვისტოში იურაი იარაბეკმა თავისი პოსტი დატოვა და დღემდე უმუშევარი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ 40 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 5 ქულით უსწრებს. 30 იანვრიდან თბილისელები თურქეთში შეკრებას გაივლიან და რამდენიმე მოსამზადებელ მატჩსაც ჩაატარებენ.

სავარაუდოდ, იარაბეკის დანიშვნას „დინამო“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.