საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში 29:27 დაამარცხა ესტონეთი. პირველი თამაში ესტონელებმა ასევე ორი ბურთით, 28:26 მოიგეს.
სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესი ევროპის ჩემპიონატზე არ მოქმედებს, ამიტომაც, ორივე გუნდი ურთიერთშეხვედრებით აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაშია. ორივეს დარჩენილი აქვს 2-2 მატჩი ჯგუფის მესამე წევრთან, ლუქსემბურგთან და თუ საქართველომაც და ესტონეთმაც ორ-ორჯერ მოიგეს, მაშინ ჯგუფის გამარჯვებულსა და, შესაბამისად, პლეიოფში გამსვლელ გუნდს, ბურთების უკეთესი სხვაობა გამოავლენს მთელი ტურნირის განმავლობაში.
ამ მხრივს ესტონეთს ის უპირატესობა აქვს, რომ ლუქსემბურგს ბოლო ორ ტურში, ივნისში ეთამაშება, ჩვენ კი – გაზაფხულზე. თუმცა, ლუქსემბურგი არაა ისეთი ხელწამოსაკრავი გუნდი, რომ გარანტირებულად ორჯერ მოუგო – უთუოდ ისინიც იბრძოლებენ პირველობისთვის. ყველაფერი წინაა.
ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი
საქართველო-ესტონეთი 29:27
2 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – რუსია 15 დარტყმა/8 გოლი (2 წთ), მსხვილიძე 10/6 (2 წთ), ჩიქოვანი 12/6 (2 წთ), ჭანტურია 4/4, გოგალაძე 5/3, დათუკაშვილი 2/1 (2წთ), გრიშიკაშვილი 4/1 (2წთ), სიმონია 1/0 (გამზარდია, მაისურაძე, გვაზავა, ორჯონიკიძე, ბეჟანიშვილი). მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე
შეტევების ეფექტურობა 36%, დარტყმების ეფექტურობა 55%, გაძევება – 10 წთ, შვიდმეტრიანები 3/3
ესტონეთი: ალექსეევი, ლოოკენე – მ. პინონენი 15/7, როოსნა 5/4, ვოიკა 6/4, იოჰანსონი 4/3, სლასტინოვსკი 8/3, პიარტი 3/2, მუუგა 3/2, ლეესი 4/2, ლეპი 1/0, ცელმინსი 1/0, ს. პინონენი 3/0 (სილასტე, ჰიიენდი, იარვე). მწვრთნელი რეინ სუვი
შეტევების ეფექტურობა 32%, დარტყმების ეფექტურობა 49%, გაძევება – 4 წთ, შვიდმეტრიანები 4/2
მსაჯები: ანგელოს არგირიდისი, ხრისტოს მუტასი (კვი)
თამაში ყოჩაღად დავიწყეთ და პირველივე სამი დარტყმიდან სამი გოლი გავიდა – 3:0 (რუსია, ჩიქოვანი, მსხვილიძე), მაგრამ ესტონეთს ჰყავდა მიკ პინონენი, ნამდვილი ლიდერი, რომელსაც თავადაც გაჰქონდა და გუნდის თამაშსაც ალაგებდა. მეათე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 5:5, ერთი ხანობა თანაბრად მიდიოდა და მე-20 წუთისთვის ისევ წინ გავედით სასურველი 3 ბურთით – 11:8. ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში 15:12 იყო, მაგრამ დათუკაშვილის ორწუთიანი გაძევების შემდეგ ესტონელებმა 2 გოლი გაგვიტანეს – 15:14.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები წინაც გავიდნენ (17:16), მაგრამ მეკარე თევზაძის კარგი სერიის შემდეგ 42-ე წუთზე რუსიამ ისევ დაგვაწინაურა საჭირო 3 გოლით – 20:17. ასეთივე სხვაობა დაფიქსირდა კიდევ სამჯერ, 54-ე წუთზე ანგარიში 27:23 იყო, დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჭანტურიას შვიდმეტრიანის შემდეგ – 28:24. სამბურთიან სხვაობაზე თავი თითქმის ქუდში გვქონდა და ჯგუფის გამარჯვებული შეიძლებოდა უკვე მაისში გამოვლენილიყო – იმ შემთხვევასი, თუ ორჯერ დავამარცხებდით ლუქსემბურგს, მაგრამ ესტონელებმა ბოლომდე იბრძოლეს.
დასრულებამდე 50 წამით ადრა სლასტინოვსკიმ ორი მატჩის ჯამური ანგარიში გაათანაბრა, ბოლო შეტევაში რუსიამ რთული სიტუაციიდან ვერ გაიტანა და ესტონეთს ერთი შეტევა დარჩა, რომლის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში უკვე ისინი დაწინაურებოდნენ ორივე შეხვედრის ჯამში, მაგრამ საბოლოოდ ქართველების გამარჯვება დაფიქსირდა – 29:27, ხოლო საერთო ანგარიში ფრეა – 55:55. ახლა. ჯგუფისგამარჯვებული ივნისამდე ვერ გამოვლინდება – სანამ ლუქსემბურგი და ესტონეთი არ ითამასებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა, ისევე როგორც ტალინში, სათადარიგოთა მოკლე სკამი იყო. გუნდმა ფაქტიურად 8 ხელბურთელით ითამაშა (სიმონია რამდენიმე წუთით შეუშვეს მოედანზე, ხოლო ტორონჯაძე მხოლოდ შვიდმეტრიანის მოსაგერიებლად გამოვიდა. პირველ მატჩთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ხაზზე გია გვაზავას ნაცვლად შოთა გრიშიკაშვილი იდგა). ვლადიმერ რუსიას ამჯერად კარგად აუბეს მხარი ირაკლი ჩიქოვანმა და რატი მსხვილიძემ, კარგი იყო მარცხენა გარემარბი ილია გოგალაძე (წინა თამაშის გმირს რევაზ ჭანტურიას ესტონელებმა მეტი ყურადღება დაუთმეს, რის გამოც ჭანტურიამ თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა).
ესტონელებს კი ჰყავდათ უფრო მეტი მოთამაშე, ნამდვილი წინამძღოლი და გამთამაშებელი პინონენი, ყოჩაღი გარემარბი, 17 წლის კარლ როოსნა, ორი კარგი პივოტი (იოჰანსონი, პიარტი), უფრო დაბალანსებული შემადგენლობა. ისინი უფრო მრავალფეროვნად თამაშობდნენ შეტევაში და უკეთ იდგნენ დაცვაში.
სამწუხაროდ, თამაშის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო რატი მსხვილიძემ – წინასწარი შეფასებით, მას აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი, თუმცა, ზუსტი დიაგნოზი ხვალ დადგინდება.
შედეგები და განრიგი
29 ოქტომბერი, 2014. ესტონეთი-საქართველო 28:26
2 ნოემბერი, 2014. საქართველო – ესტონეთი 29:27
29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი
3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო
10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი
13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი
http://www.geohandball.ge/