ჰიტცფელდი: “რეალის” თავკაცის პოსტზე ზიდანის დანიშვნა უაზრო გადაწყვეტილებაა”

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგი ასეთ კლუბში სამუშაოდ ჯერ არ არის მზად.

“ეს უაზრო, მეტიც – გიჟური გადაწყვეტილებაა. ზიდანს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მან მხოლოდ ფეხბურთელის ამპლუაში დააგროვა ცოდნა. ზიდანისთვის ეს საქმე ლატარიის თამაშის ტოლფასია”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბლიკმა” გამოაქვეყნა.

 

ჰიტცფელდი: “გვარდიოლა წასვლა “ბაიერნისთვის” სულაც არ იქნება პრობლემა”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი თვლის, რომ სეზონის ბოლოს კლუბის თავკაცის პოსტიდან ხოსეპ გვარდიოლას წასვლა გუნდისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოშობს, რადგან ესპანელი სპეციალისტი საქმეს არასწორად უდგება.

“გვარდიოლა მხოლოდ ტაქტიკაზე ფიქრობს. მას ტაქტიკა აქვს აჩემებული და მასზე ფიქრობს დღე და ღამე. რაც შეეხება ფეხბურთელებთან დამოკიდებულებას, მისთვის ეს მთავარი არ არის. იგი მოთამაშეებთან თითქმის არც ურთიერთობს. გვარდიოლა თვით პრესასთან კონტაქტსაც გაურბის.
ასე რომ, გუნდიდან პეპ გვარდიოლას წასვლა სულაც არ იქნება პრობლემა. რუმენიგემ სწორად თქვა, ერთი კაცის წასვლით მსოფლიო არ გადატრიალდებაო”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

ჰიტცფელდი: „მუნდიალზე ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლებში მოუწევთ თამაში“

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი მანაუსში გაიმართება, რომელიც ტურნირის მასპინძელი სხვა ქალაქებისგან მოშორებით მდებარეობს. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს გუნდებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შვეიცარიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, რომელშიც ჰონდურასის წინააღმდეგ ითამაშებს, სწორედ მანაუსში გამართავს.

„ბრაზილია ძალიან დიდი ქვეყანაა და იმისთვის, რომ სხვა ქალაქიდან მანაუსში მოხვდე, ზოგჯერ ხუთი საათია საჭირო. ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლების გულში მოუწევთ თამაში“, – განაცხადა ჰიტცფელდმა SWR1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანაუსში შედგება ტურნირის ოთხი მატჩი:

ინგლისი—იტალია (15 ივნისი);
კამერუნი—ხორვატია (18 ივნისი);
აშშ-პორტუგალია (22 ივნისი);
ჰონდურასი—შვეიცარია (26 ივნისი).

2014 წლის მუნდიალის სრული კალენდარი

ბექა დოგრაშვილი