ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი