ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.
“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან დიდი წარმატება იქნება. “
“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.