“რუსთავის” ფან-კლუბი: “ვითხოვთ დეტალურ პასუხს!”

გუშინ სქარათველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა , დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა პირველი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც “მერანსა” “რუსთავს” შორის გაიმართა, გარიგებულად სცნო. ორივე კლუბს დაეკისრა სანქციები: ჯარიმა – 10 000 ლარი, ჩამოაკლდათ ექვსი ქულა სატურნირო ცხრილში და ნახსენები მატჩი, ანგარიშით, 0:3 წაგებად ჩაეთვალათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს.კ. “რუსთავის” ოფიციალური ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს.

“ს.კ. “რუსთავის ” ფან-კლუბი აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ფედერაციისგან, კერძოდ მისი გენერალური მდივნისგან, დავით მუჯირისგან ვითხოვთ დეტალურ პასუხს და ფაქტებს თუ რის საფუძველზე მოხდა კლუბის დაჯარიმება და სანქციების დაწესება. არანაირი მოწმე და არანაირი ვიდეომასალა არ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება რომ ფედერაციას არ სურს ს.კ რუსთავმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ჩვენ საუბარი გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი დანაშაული ჩვენ კლუბს აღნიშნული მატჩის მიმართ არ მიუძღვის. მოვითხოვთ სასწრაფოდ გააუქმონ დაკისრებული საქნციები და ბოდიში მოიხადონ ამ ყოვლად გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო,” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.