„ბენფიკამ“ პორტუგალიელი მცველი დაიმატა

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდმა მცველი ელიზეუ დაიმატა. 30 წლის ფეხბურთელი მანამდე ესპანური „მალაგას“ ღირსებას იცავდა.

ელიზეუმ „ბენფიკასთან“ კონტრაქტი „2+1“ სქემით გააფორმა.

ოფიციალურად ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით, „არწივებმა“ პორტუგალიელი მცველის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გაიღეს.

აღსანიშნავია, რომ „მალაგამ“ ელიზეუსთან კონტრაქტი სულ რაღაც ერთი თვის წინათ გაახანგრძლივა, თუმცა ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას მაინც დათანხმდა.

 

ბიზნესი პორტუგალიურად — როგორ არსებობს „ბენფიკა“

პორტუგალიური „ბენფიკა“ წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ერთგვარ დისტრიბუტორად ჩამოყალიბდა. აქამდე ეს ფუნქცია „პორტუს“ ჰქონდა მორგებული, თუმცა „არწივებმა“ ბოლო პერიოდში მართლაც გამოიჩინეს თავი კარგი სატრანსფერო პოლიტიკით. ხუმრობა ხომ არ არის, უკანასკნელ თვეში „ბენფიკამ“ ტრანსფერების მეშვეობით თითქმის 100 მილიონი ევრო იშოვა.

ევროპაში პორტუგალიურმა კლუბებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდონ იაფად ფეხბურთელი და რამდენიმე წლის შემდეგ ტოპკლუბში ძვირად გაყიდონ. რამდენიმე წლის წინათ ასეთ ტრანსფერებში „პორტუს“ ბადალი არ ჰყავდა. დღესდღეობით „ბენფიკას“ ფეხბურთელები იმდენად პოპულარულები არიან, რომ ივლისის შუა პერიოდში გუნდი სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლომდე „ბენფიკას“ კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს. ასაკის გამო, სხვა კლუბთა მიერ დაინტერესება არ „ემუქრებათ“ მხოლოდ ლიმას, ლუიზაოსა და მაქსი პერეირას.

საინტერესო კითხვაა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბენფიკაში“?! ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ლისაბონური კლუბი ერთგვარ ტრამპლინად ჩამოყალიბდა. „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო კლუბებში გაყიდონ. მაგალითად ისეთი მოთამაშეების დასახელებაც ღირს, როგორებიც არიან რამირესი, დავიდ ლუისი და ფაბიო კოენტრაუ, რომლებიც „ჩელსიში“ და „რეალში“ გაიყიდნენ. ეს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს „ბენფიკას“ მთავარი კოზირი გახლავთ. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეები სიამოვნებით მიდიან პორტუგალიურ კლუბში.

„ბენფიკა“ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერზე არ აყენებს, მყიდველი თავად გამოდის კონტაქტზე. ბუნებრივია, ასეთი სქემა პორტუგალიური კლუბისთვის უფრო მომგებიანია. „ბენფიკა“, „პორტუ“ და „სპორტინგი“ ყველაზე ადვილად ქმნიან უცნობი ფეხბურთელებისგან ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგალითად, „ბენფიკას“ სკაუტები უკანასკნელ სეზონში დიდ ყურადღებას უთმობდნენ სერბ მოთამაშეთა ბაზარს. ყველაზე კარგ საილუსტრაციო მაგალითად „პარტიზანის“ 19 წლის მოთამაშე ლაზარ მარკოვიჩი გამოგვადგება. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თითქოს მათ სატრანსფერო პოლიტიკაში მარკოვიჩი არც ეწერებოდა, თუმცა ერთ წელიწადში სერბ ფეხბურთელს ლეო მესის მემკვიდრედ თვლიდნენ და „ლივერპულმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც გაიღო.

„წელს უფრო მეტმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ თანხად გაყიდვა წარმატებაა. დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბები სულ უფრო მეტად ინტერსედებიან ჩვენი მოთამაშეებით“, – ამბობს „ბენფიკას“ თავკაცი ჟორჟე ჟეზუში.

კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, თუ რატომ არ იტოვებს „ბენფიკა“ ამ ფეხბურთელებს თავისთვის?! ასე ხომ წარმატების მეტი შანსი იქნება?! თუმცა, ლისაბონელებს წარმატება არც ახლა აკლიათ. რამდენიმე თვეში აწყობილი გუნდით ჟეზუშმა არამხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატი, არამედ ქვეყნის ორი სხვადასხვა თასი მოიგო, გავიდა ევროპის ლიგის ფინალშიც, სადაც „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. რატომ ელევა კლუბი ასე ადვილად ლიდერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბები მხოლოდ ევროსარბიელიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. მცირე თანხას იღებენ სატელევიზიო ტრანსლაციების და მარკეტინგის ხარჯზე. „ბენფიკაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდის თავკაც ჟორჟე ჟეზუშს აქვს, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელთა მაქსიმალური ჯამაგირი ერთნახევარი მილიონი ევროა.

ფეხბურთელი რამდენად იყიდა „ბენფიკამ“ რამდენად გაყიდა „ბენფიკამ“ სად გადავიდა
როდრიგო 6 მლ ევრო 30 მლნ ევრო „ვალენსია“
მარკოვიჩი 10 მლ ევრო 25 მლ ევრო „ლივერპული“
ობლაკი 3,9 მლ ევრო 16 მლ ევრო „ატლეტიკო“
გომეში 15 მლ ევრო „ვალენსია“
გარაი 5,5 მლ ევრო 6 მლ ევრო „ზენიტი“
მიტროვიჩი 1,1 მლ ევრო 1,8 მლ ევრო „ფრაიბურგი“

 

ოფიციალურად: „ლივერპულმა“ ლაზარ მარკოვიჩი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ნახევარმცველი ლაზარ მარკოვიჩი „ლივერპულში“ გადავიდა.

20 წლის სერბმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდთან გრძელვადიან ხელშკრულებას მოაწერა ხელი. „ენფილდროუდელებმა“ მარკოვიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღეს.

ახალგაზრდა სერ ფეხბურთელს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. გარდა ამისა, მას ფლეიმეიქერის ფუნქციების შესრულებაც ძალუძს.

„მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბს შევუერთდი. იმედი მაქვს, გულშემატკივრების, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და კლუბთან დაკავშირებული ყველა ადამიანის მოლოდინს გავამართლებ. ვხედავ, როგორი მოთამაშეები და როგორი ქომაგები ჰყავს გუნდს. მოუთმენლად ველოდები „ლივერპულში“ თამაშის დაწყებას“, – განაცხადა მარკოვიჩმა.

სერბმა ფეხბურთელმა 2013-14 წლების სეზონში „ბენფიკას“ ფორმით 49 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლაზარ მარკოვიჩი „ლივერპულის“ მეოთხე შენაძენია. „ენფილდროუდელებმა“ მანამდე „საუთჰემპტონიდან“ რიკი ლამბერტი, ადამ ლალანა და ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ემრე ჯანი დაიმატეს.

 

ბენფიკამ ენცო პერესთან გაახანგრძლივა

“ბენფიკამ” ნახევარმცველ ენცო პერესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 28 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი ხელშეკრულება კიდევ ორ სეზონზეა გათვლილი.

ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, რომ სხვა კლუბის დაინტერესების შემთხვევაში პერესის ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

“ბენფიკას” ღირსებას პერესი 2011 წლიდან იცავს. პორტუგალიურ გრანდში ფეხბურთელი არგენტინული “ესტუდიანტესიდან” გადავიდა.

კვირის კარიკატურები — „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“

ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში წააგო. კარიკატურისტმა ომარ მომანმა „ბენფიკას“ ყოფილი თავკაცის, ბელა გუტმანის სიტყვები გაიხსენა. 1962 წელს გუტმანმა პორტუგალიურ გუნდთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა უნგრელმა მწვრთნელმა დაკავებული პოსტი დატოვა და თან ასეთი რამ თქვა: „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ჩემს გარეშე ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“. მას შემდეგ ლისაბონური კლუბი ევროთასების ფინალში რვაჯერ გავიდა და რვაჯერვე დამარცხდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 23 წლამდე ექვსი ფეხბურთელია შეყვანილი: ლიუკ შოუ, რაჰიმ სტერლინგი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როს ბარკლი, ფილ ჯონსი და ჯეკ უილშირი. ასე რომ, უეინ რუნისა და დანარჩენ გამოცდილ მოთამაშეებს ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).

საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

გარაი: “ბენფიკამ” ბოლომდე იბრძოლა”

ლისაბონის “ბენფიკას” მცველმა ეზეკილ გარაიმ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა და თქვა, რომ პორტუგალიური კლუბის ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და “ბენფიკა” დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთ ესპანელთა ფეხბურთელები გამოიყურებოდნენ.

“წაგებული მატჩის შემდეგ საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ “ბენფიკამ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ხვალიდან ახალ სეზონზე ვიფიქრებთ და შევეცდებით, გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ”, – ამბობს გარაი.

ევროპა ლიგა სევილიამ მოიგო

ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა “სევილიასა” და “ბენფიკას” შორის ესპანური გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდს შეეძლო გოლების გატანა. განსაკუთრებით სახიფათო მომენტები “ბენფიკას” ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნეს. თუმცა, შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები სევილიელები აღმოჩნდნენ. “ბენფიკამ” უკვე მერვე ევროპული ფინალი წააგო და როგორც ჩანს “გუტმანის წყევლა” პორტუგალიურ კლუბს დღემდე არ აძლევს გამარჯვებით ტკბობის საშუალებას.

 

სევილია: ბეტო, პარეხა, ფაციო, დანიელ კარიჩო, კოკე, ალბერტო მორენო, მბია, რაკიტიჩი, ვიტოლო (ფიგუეირასი 110′), ხოსე ანტონიო რეიესი (მარკო მარინი 78′; გამეირო 104′), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბენფიკა: ობლაკი, ლუიზაო, გარაი, პერეირა, გილერმა სიკუეირა (ოსკარ კარდოსო 99′), რუბენ ამორიმი, გაიტანი (ივან კავალეირო 119′), ანდრე გომესი, სულეიმანი (ანდრე ალმეიდა 25′), ლიმა, როდრიგო

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

ტურინში “იუვენტუსის” გარეშე

დღეს, ტურინში ევროპა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. გათამაშების მთავარ ფავორიტს, ადგილობრივ “იუვენტუსს” გადამწყვეტ მატჩამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. თასისთვის ფინალურ შეხვედრაში “სევილია” და “ბენფიკა” იბრძოლებენ.

ორივე გუნდმა ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა და რა თქმა უნდა “სევილიასაც” და “ბენფიკასაც” ამ გზის ტრიუმფით დასრულება სურთ.

ნებისმიერი ფინალური მატჩის წინ, რომელშიც “ბენფიკა” იღებს მონაწილეობას ყველას ცნობილი “ჯადოს” ისტორია ახსენდება. ჟორჟე ჟეზუშის გუნდი ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში გასულ სეზონშიც ასპარეზობდა, მაგრამ მაშინ თასი “ჩელსი” მოიპოვა. ასეთი ტიპის წარუმატებლობა “ბენფიკას” უკვე წლებია თან სდევს, რაც გარკვეულ მისტიკურ ელფერსაც კი სძენს შექმნილ ვითარებას.

გადამწყვეტი მატჩის წინ “სევილიაში” დიდი დანაკარგი არ არის. დისკვალიფიკაციის გამო ხაირო სამპარიო ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გამეიროს თამაში. სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა ვიტოლო, რომელიც მოედანზე გასასვლეად მზად არის.

უნაი ემერისთვის 2-3 მოთამაშის არყოფნა დიდი პრობლემა არ არის. ესპანელი სპეციალისტი როტაციის დიდი მოყვარულია. მთელი სეზონის განმავლობაში სევილიური კლუბი შემადგენლობის და ტაქტიკური სექმების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

საპირისპირო ვითარებაა პორტუგალიელთა ბანაკში. “იუვენტუსთან” მატჩში გაძევებულები მარკოვიჩი და პერესი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ფაქტია, რომ მათი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა ჟორჟე ჟეზუშს გაუჭირდება.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. გადამწყვეტ მატჩს გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის.

ჟორჟე ჟეზუში: „ფინალში ფავორიტი არ არსებობს“

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში თვლის, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკა“ ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი არცერთი გუნდი არ იქნება. ორივე მხარეს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. ფინალში ძლიერი გუნდები გადიან. ამიტომ, „სევილიას“ დიდი პატივისცემით ვუდგებით“, – ჟეზუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ტურინში შედგება. მატჩს ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას ფელიქს ბრიხი განსჯის

„სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის ევროპის ლიგის ფინალურ მატჩს გერმანელი არბიტრის ფელიქს ბრიხის ბრიგადა განსჯის.

მთავარი არბიტრის დამხმარეთა შორის გვერდითა მსაჯები მარკ ბროშემი და შტეფან ლუპომი იქნებიან. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს, მის ფუნქციებს სერბი მილორად მაჟიჩი შეასრულებს.

ალექსანდრე მატევოსოვი