მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
პორტუგალიელი თავდამსხმელი აცხადებს, რომ “იუვენტუსს” ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს, თუმცა სუსტი წერტილის პოვნა შესაძლებელია.
“იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია. იტალიელებმა თავიანთი შესაძლებლობები როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ქვეყნის თასზეც დაამტკიცეს. მათ სათამაშო სტილს რაც შეეხება, მოედანზე ძალიან კომპაქტურად, მჭიდროდ არიან განლაგებულნი. გუნდს საოცარი დაცვა ჰყავს. თუმცა, ამავე დროს, ვიცით, რა არის მათი სუსტი მხარე. სწორედ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს, განსაკუთრებით, შეტევის დროს.”
“ყველა ფეხბურთელის სურვილია, რომ ისტორია დავწეროთ. დიდი წარმატება იქნება, თუ გავხდებით პირველი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დაძაბული მატჩი გველის წინ. თუმცა, ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი “რეალს” წარმოვადგენთ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ.”
“ორივე გუნდი შეეცდება, რომ ერთმანეთის შეცდომები გამოიყენოს და ასე მოიპოვოს უპირატესობა. შესაბამისად, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის მიიღებს თასს. იმედი მაქვს, ეს კლუბი “რეალი” იქნება.”
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შეხვედრა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის ძალიან ამაღელვებელი გამოვა. ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს,” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.