თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

გიორგი არაბიძე “შახტარის” მთავარ გუნდს შეკრებაზე გაჰყვება

დონეცკის “შახტარის” 21-წლამდელთა გარემარბი გიორგი არაბიძე მთავარ გუნდს ზამთრის შეკრებაზე გაჰყვება. ამის შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენელმა მიხეილ მეტრეველმა განაცხადა.

“გიორგი არაბიძეს “შახტარის” მთავარ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა. სეზონის პირველ ნახევარში დუბლშემადგენლობაში ათმა გატანილმა გოლმა და ხუთმა საგოლე გადაცემამ პაულუ ფონსენკა დაარწმუნა, რომ 18 წლის ქართველი ნახევარმცველი 14-22 იანვარს დაგეგმილ ზამთრის შეკრებაზე უნდა იახლოს”, – აღნიშნა მიხეილ მეტრეველმა.