მარადონამ არგენტინის ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა

დიეგო მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა ასპარეზობა შეაფასა. როგორც იცით, “ალბისელესტე” ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

“ხალხს სჯროდა, რომ სამპაოლი ნაკრებში არსებულ პრობლემებს კომპიუტერების, დრონებისა და 14 ასისტენტის დახმარებით მოაგვარებდა. ახლა კი არგენტინას მიზანი არ აქვს და არც ერთი პრობლემა არ არის გადაწყვეტილი – არც დაცვაში, არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში.

რაც შეეხება ფედერაციას, იქ ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებთაც ფეხბურთის არაფერი ესმით. შედეგად კი ასეთი ნაკრები გვაქვს.

როგორც ვხედავ, ნაკრების ჩავარდნას ყველა მესის აბრალებს. მესიმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ის ვერ შეძლებს თანაგუნდელების პრობლემები თავად მოაგვაროს,” – აცხადებს მარადონა.

გუარდადო: “მექსიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს”

მექსიკის საფეხბურთო ნაკრების გარემარბი ანდრეს გუარდადო საკმაოდ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც მექსიკელები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას გეგმავენ.

“რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩვენი დავალება მხოლოდ დღევანდელი დღით არ განისაზღვრება. ჩვენ მომავალშიც გვინდა გამარჯვება. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება გვინდა, როგორც დღეს მოვიგეთ.

ჩვენი ფანები გამარჯვებას ელოდნენ და ბედნიერები ვართ, რომ მათ იმედები არ გავუცრუეთ. კორეელების დამარცხება მნიშვენლოვანი იყო ჩვენთვის. ამ ორმა მოგებამ დავალება კიდევ უფრო გაგვიადვილა,” – აცხადებს გუარდადო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკელებმა პირველ მატჩში გერმანიის ძალიან ძლიერი ნაკრები დაამარცხეს (1-0), შემდეგ კი კორეელებს სძლიეს (2-1).

რებიჩი: “არგენტინამ ისე ცუდად ითამაშა, რომ მესისთვის მაისურის თხოვნა გადავიფიქრე”

ხორვატიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (3-0) ანტე რებიჩი დამცინავად გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ ხორვატია ჯგუფში პირველზეა, არგენტინა – მეოთხეზე.

“სიმართლე გითხრათ, მესისთვის მაისურის თხოვნა მინდოდა ჩემი მეგობრისთვის, ის ლეოს დიდი ფანია. მაგრამ არგენტინელებმა იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ მისთვის მაისურის თხოვნა გადავიფიქრე.

მათგან გაცილებით უფრო მეტს ველოდი. განსაკუთრებით კი პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან, ისინი ხომ მიჩვეულები არიან მაღალ რიტმს. ნიკოლას ოტამენდი კი მეოთხე წუთზე, როდესაც მანჯუკიჩთან იბრძოდა, გაზონზე დაეცა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ მათი დამოკიდებულებით, ფეირ-პლეის წესებს აიგნოებდნენ, რომ არაფერი ვთქვათ პროვოკაციებზე. სპორტსმენებს წაგებაც უნდა შეეძლოთ,” – აცხადებს ხორვატი თავდამსხმელი.

მუნდიალის შემდეგ საფეხბურთო კარიერას რამდენიმე არგენტინელი ვარსკვლავი ასრულებს

არგენტინული პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას რამდენიმე არგენტინელი ვარსკვლავი აპირებს.

ერნან კასტილიოს ცნობით, არგენტინის ნაკრებში გამოსვლას უახლოეს მომავალში შეწყვეტს მარკოს როხო, ევერ ბანეგა, ლუკას ბილია, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია და ხავიერ მაშერანო.

გარდა ამისა, ექსპერტების გარკვეული ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ნაკრებიდან ლეო მესი და გონსალო იგუანიც წავა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ფინალში ჩილელებთან განცდილი მარცხის შემდეგ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა “ბარსელონას” ლეგენდა ექვს კვირაში დაუბრუნდა “ალბისელესტეს”

ხორვატიამ საჩემპიონო თამაში აჩვენა, არგენტინა პარალიზებულია (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეიდან ტურნირის მთავარ აღმოჩენად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც საჩემპიონო თამაში აჩვენა და არგენტინის ნაკრები, რომელსაც მუნდიალის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოისაზრებდნენ, უშანსოდ გაანადგურა.

მატჩის პირველი ნახევარი დაზვერვით ხასიათს ატარებდა, თუმცა უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. არგენტინელები მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ, მათი მეტოქე ფეხბურთელები კი კიდევ უფრო ორგანიზებულ თამაშს აჩვენებდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ხორვატებმა უპირატესობა გოლად გარდაქმნეს, თავის რებიჩმა გამოიჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ სამპაოლიმ აგუერო და ენცო პერესი გაიყვანა და იგუაინი ჩართო თამაშში დიბალასთან ერთად (მოგვიანებით). თუმცა სამპაოლის ბიჭებმა ვერაფერი გააწყვეს და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს – ლუკა მოდრიჩისა და რაკიტიჩისაგან.

ასე რომ, ხორვატია ბრწყინვალე ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს, ლეო მესის არგენტინა კი ჯგუფში ჩარჩენის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (2 ტური)
არგენტინა – ხორვატია 0:3 (0:0)
გოლები: რებიჩი 53′ მოდრიჩი 80′ რაკიტიჩი 90+1′

მესის დედა: “ლეოს ამდენი კრიტიკას გამო, არაერთხელ უტირია, მტკივნეულია”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავის, ლეო მესის, დედა სელია კუჩიტინი გულღიად საუბრობს ლეოს მდგომარეობაზე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნილი პირველი მატჩის შემდეგ.

“ყოველთვის, როდესაც ხალხი მესის მიმართ სიყვარულს გამოხატავს, ისიც სიყვარულით პასუხობს. ეს ძალიან ლამაზი რამ არის და მესიც აფასებს ამას.

მესი ამ ტურნირისგან ბევრს ელის, რადგანაც ის მუდამ ოცნებობდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. ეს ყველაზე მეტად უნდა. ის პირველია ვისაც გამარჯვება უნდა, უნდა რომ სამშობლოს ტიტული მოაგებინოს.ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს.

კრიტიკის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხალხი ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობას გაურბის, მაგრამ ასე არ არის. ნეტავ იცოდნენ, რას განიცდის მესი – ძალიან იტანჯება და არაერთხელ უტირია ამის გამო. კრიტიკა მას ძალიან ტკენს.

ოთხი შვილი მყავს, მაგრამ ის განსხვავებულია. საუკეთესო შვილი, მამა და ქმარი. ვიცი არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა. მას დიდი გული აქვს და ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონატის მოსაგებად,” – აცხადებს სელია El Trece-სთან საუბრისას.

დელე ალიმ ინგლისის ნაკრებთან ერთად ვერ ივარჯიშა

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, დელე ალიმ, “სამი ლომის” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის “ტოტენჰემელმა” მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ინგლისელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, სწორედ ამ მატჩში დაიზიანა მან მუხლი.

ნაკრების ყველა სხვა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის, რომელშიც საუთგეიტის ბიჭები პანამის დებიუტანტ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთის ნაკრებმა პერუს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიოს 2018 წლის გათამაშებას ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები, რუსეთში წარმატებულ, თუმცა არც ისე დამაჯერებელ ასპარეზობას აგრძელებს. ავსტრალიის ნაკრების შემდეგ (2-1), ფრანგებმა პერუელები დაამარცხეს.

ფრანგებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნეს. უნდა აღინიშნოს, რომ “მამლების” აქტიურობას უპასუხოდ არც სამხრეთ ამერიკელები ტოვებდნენ.

ანგარიში პირველი ნახევრის 34-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. გატანილი გოლი შემდეგ პერუელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა. თუმცაღა, დიდიე დეშამის მცველებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს – 1:0.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (2 ტური)
საფრანგეთი – პერუ 1:0 (1:0)
გოლები: კილიან მბაპე 34′

მიულერი: “იმედია, სოჭის ზღვა და მთები გამარჯვებაში დაგვეხმარება”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შვედეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინირის გახსნითი მატჩი “ბუნდესნაკრებმა” მექსიკასთან დათმო (0:1).

“ვატუტინკის” ბაზაზე ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ახლა სოჭში ვიმყოფებით და იმედი გვაქვს, რომ ზღვისა და მთების ლამაზი ხედი გამარჯვებაში დაგვეხმარება. თუმცა დღეს ბევრი არ გვივარჯიშია, რადგანაც ფეხბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებოდათ.

მექსიკასთან მატჩი ძალიან რთული გამოდგა და მომავლისთვის სასარგებლო იქნება, თუ ამ შეცდომებს გავაანალიზებთ. ახლა თითოეულ ჩვენგანს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრია.

სხვაზე გადაბრალება არაფერს მოგვცემს, ერთად უნდა ვიმუშავოთ შეცდომების გამოსწორებაზე. მოტივაცია აუცილებელი ფაქტორია და ვფიქრობ, რომ საკმარისად მოტივირებულები ვართ,” -აცხადებს მიულერი.

ნეიმარმა ვარჯიში დაწყებიდან ხუთ წუთში დატოვა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი უფრო და უფრო საშინელი გამოდის – ბრაზილიელებს ის არ კმაროდათ, პირველი მატჩის მოგება რომ ვერ შეძლეს და ახლა ნეიმარსაც სერიოზული პრობლემები აღმოუჩნდა.

როგორც იცით, ბრაზილია-შვეიცარიის მატჩი (1:1) პირველი ოფიციალური მატჩი იყო ნეიმარისთვის თებერვლის თვის შემდეგ. მატჩის მიმდინარეობისას კი ამ უკანასკნელმა არაერთი ძლიერი დარტყმა მიიღო.

დღევანდელი ვარჯიში “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსვკლავმა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა ფიზიოთერაპერტთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ბრაზილიელი თავდამსხმელის ფეხი.

კოუტინიო: “კოსტა-რიკასთან მატჩში ყველაფრისთვის მზად ვიქნებით”

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მომდევნო მატჩზე ისაუბრა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბრაზილიელთა მეტოქე კოსტა-რიკის ნაკრები იქნება.

“კოსტა-რიკის წინააღმდეგ ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მხოლოდ მოგებაზე. ძალიან რთული მატჩი გველის წინ, ჩვენ მოვლენების განვითარების ყოველგვარი სცენარისთვის ვართ მზად.

ბურთი უფრო კარგად უნდა ვაკონტროლოთ და საუკეთესო მომენტი ავარჩიოთ შეტევისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

რაც შეეხება ნეიმარს, ის მამაცი ფეხბურტელია და გოლის გასატანად მაქსიმუმს გააკეთებს. მას ჩვენგან დიდი მხარდაჭერა აქვს, გუნდი მას ენდობა,” – აცხადებს კოუტინიო.

ბრაზილიელები დიდი საფრთხის წინაშე: შესაძლოა, ნეიმარს ტრავმა გაუმიზეზდეს

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატზე არასახარბიელო სტარტი აიღო (1-1) და ამასთან ერთად, ნეიმარის ფიზიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – საიდუმლო არავისთვისაა, თუ როგორ შეძლეს შვეიცარიელმა ფეხბურთელებმა “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკლვავის თამაშიდან გამოთიშვა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ოფიციალური მატჩია, რომელშიც ნეიმარმა მონაწილეობა მიიღო თებერვლის თვის შემდეგ. ექიმების თქმით, ტრავმა ბოლომდე ჯერაც არ არის მორჩენილი.

როგორც კი ნეიმარმა მოედანი დატოვა, ექიმებმა მაშინვე დაადეს ყინული ფეხზე და გამოკვლევებიც ჩაუტარეს. ბრაზილიის ნაკრებში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საშიშროება კვლავაც არსებობს.

რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების სხვა მეტოქეებიც არ იტყვიან უარს ნეიმარის მსგავსი ხერხით შეჩერებაზე. ტრავმის გამიზეზების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ბრაზილიამ 2014 წლის “ტრაგედია” გაიმეოროს.