მერსესაიდის “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ზამთრის სატრანსფერო გახსნისთანავე განახორციელეს ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერი და ამით კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ იურგენ კლოპის გუნდი მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერში მერსესაიდულმა კლუბმა “წმინდანებს” 75 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ცნობილია ისიც, რომ 26 წლის ვან დეიკი 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.
გთავაზობთ ვირჯილ ვან დეიკის პირველ ინტერვიუს “ლივერპულის” ფეხბურთელის ამპულაში.
– ვირჯილ, კეთილი იყოს შენი მობრძანება “ლივერპულში”. რას გრძნობ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?
– მადლობას გიხდით. სიმართლე გითხრათ, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და მოუთმენლად ველოდები, როდის დავიწყებ ჩემი საქმის კეთებას.
– რატომ ჩათვალე, რომ “ლივერპული” შენი შესაფერისი კლუბია, რამ მიგიზიდა?
– ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის სიდიადეა, კულტურა, ისტორია, ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და რა თქმა უნდა, ფანებიც. სწორედ ფანები ხდიან კლუბს განსაკუთრებულს. “ლივერპულს” ყველაფერი აქვს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორედ რომ შესაფერისი კლუბია.
– რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრანსფერში იურგენ კლოპის ფაქტორმა?
– ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორი პიროვნებაც არის იურგენ კლოპი. ის ცოცხალი ადამიანია და იცის, როგორ გახადოს თავისი ფეხბურთელები უფრო ძლიერები. გარდა ამისა, ფეხბურთელებს რწმენასაც უნერგავს, რაც უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, კლოპი სწორედ მე შემეფერება და შეუძლია, კიდევ უფრო უკეთესი გამხადოს.
– “ენფილდზე” ორჯერ ითამაშე მოწინააღმდეგის ამპულაში – რას ფიქრობ ამ სტადიონზე?
– ვფიქრობ, “ენფილდი” გამორჩეული ადგილია, განსაკუთრებული სტადიონი და ახლა ის ჩემი სახლიც არის. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ მოედანზე გასვლას და როგორ მიმიღებს გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით კი ევროპული საღამოები.
– “ენფილდი” ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გასნსაკუთრებულად გამოიყურება. როგორია შენი მოლოდინები?
– ძალიან მინდა ეს თავად განვიცადო. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება მაქვს, “სელტიკთან” ერთად და ეს მაშინაც განსაკუთრებული იყო. ერთი სული მაქვს, ყველაფერი მაინტერესებს. აქ ყველაფერი უნაკლოა, ბრწყინვალე. უბრალოდ ზედგამოჭრილი ადგილია ჩემთვის.
– რას ეტყვით “ლივერპულის” ფანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?
– თავდაუზოგავად ვიშრომებ, ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადები. მაქსიმუმს გავაკეთებ კლუბისთვის და ვეცდები, ყოველ მატჩში მშრალად შევინახო კარი და ამასთანავე, მეტოქის კარსაც შევუტიო. ჩემი აზრით, მთავარი ორგანიზებაა. ყველაფერს გავიღებ რაც გამაჩნია, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.