ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” “შუქურას” მოუგო და ცხრილში გალიდერდა

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე საჩხერის “ჩიხურამ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. მატჩში ანგარიშის გახსნა მე-12 წუთზე გიორგი გაბედავამ მოახერხა. მე-19 წუთზე ირაკლი ჭეჟიამ “შუქურას” ჩამორჩენა აღადგინა.

მეორე ნახევარში სოსო ფრუიძის შეგირდები უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო: ჯერ 54-ე წუთზე ლევან კაკუბავამ გაიყვანა “ჩიხურა” წინ, ცხრა წუთში გაბედავამ დუბლი შეასრულა და ორბურთიანი გახადა სხვაობა.

საბოლოოდ – 3-1.

ამ გამარჯვებით საჩხერლებს შვიდი ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონატის ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეხება “შუქურას”, აჭარლებს ორი ქულა აქვთ და ბოლოს წინა – მეცხრე პოზიციაზე არიან.

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმის “დინამომ” სამტრედიას “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე გურამ სამუშიამ მოახერხა და იმერლები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ლევან ხომერიკის შეგირდები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური შანსიც შეექმნათ. თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.

ბათუმური გუნდი სამი ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. სამტრედიას 4 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.

ეროვნული ლიგის III ტური: პრევიუ

18 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს.

Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “დინამო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 18 მარტი, 14:00

ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” ადგილობრივ “დინამოსა” და გორის “დილას” შორის გაიმართება. მასპინძლებმა წინა შეხვედრა “მიხეილ მესხზე” ჩაატარეს და “ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. კახა კაჭარავას შეგირდები ამჟამად სამი ქულით მესამე ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, გორელებმა იმავე ანგარიშით განიცადეს მარცხი. ოღონდ, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოსთან” წააგო. “დილას” ერთი ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება მუდამ პრინციპულია. საინტერესო შეხვედრას უნდა ველოდოთ.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი” 

დასაწყისი: 18 მარტი, 19:00

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე “საბურთალო” “ლოკომოტივს” მიიღებს. მასპინძლებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშეს და ანგარიშით, 0:3 განადგურდნენ. ამ გუნდს 3 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციიას იკავებს. გიორგი დევდარიანის შეგირდები კი შესანიშნავად გამოიყურებიან. პირველი მატჩის მსგავსად, მათ მეორეც მოიგეს (როგორც ვახსენეთ, “დინამოსთან”) და ასპროცენტიანი შედეგითა და ექვსი ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ გათამაშებას. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა მათი წარმატებული სვლა და მოახერხებს თუ არა “საბურთალო” მეორე სამი ქულის მოპოვებას.

ბათუმის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 19 მარტი, 16:00

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” მესამე ტურის მეორე დღეს “დინამო” “სამტრედიას” მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, აჭარლებმა წინა შეხვედრა “დილასთან” სტუმრად მოიგეს და ამჟამად სამი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლები საჩხერის “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ (0:1). გია ცეცაძის შეგირდებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და მერვე ადგილს სჯერდებიან. ამ კლუბებმა ზაფხულში საქართველო ევროტურნირებზე უნდა წარადგინონ. მათი დაპირისპირება დაძაბული გამოვა.

საჩხერის “ჩიხურა” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 19 მარტი, 18:00

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შედგება. შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი “ჩიხურა” “შუქურას” შეერკინება. სოსო ფრუიძის შეგირდებს ამ სეზონში წაგება არ აქვთ. მათ წინა ტურში “სამტრედია” დაამარცხეს და მეორე ადგილზე (ოთხი ქულით) იმყოფებიან. “შუქურას” ორი ფრე და ამდენივე ქულა აქვს. აჭარლებმა წინა ტურში ქუთაისის “ტორპედო” მიიღეს და ფრე (1-1) გააგორეს. “შუქურა” მეშვიდე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 19 მარტი, 20:00

ტურის ბოლო მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ადგილობრივი “ტორპედო” მეგრულ “კოლხეთს” მიიღებს. როგორც უკვე ვთქვით, იმერლებმა წინა ტურში ქულები “შუქურასთან” გაიყვეს. მათ ანგარიშზე ერთი ქულა და მეცხრე ადგილია. “კოლხეთმა” “საბურთალოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამჟამად, გელა სანაიას შეგირდები სამი ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

 

ფოთის “კოლხეთმა” “საბურთალო” გაანადგურა, ბათუმის “დინამომ” სტუმრად “დილას” მოუგო

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ფოთის “კოხლეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო. პირველ ტაიმში გამოსარჩევი ფაქტი “საბურთალოს” ფეხბურთელის, ზურაბ არზიანის მეორე ყვითელი ბარათი და მოედნის დატოვება იყო. ეს ზუსტად 45-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში “კოლხეთმა” ათკაციან მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. 59-ე წუთზე ჯანელიძემ გამოიჩნა თავი.13 წუთში ამ მოთამაშემ დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე არფანგ დაფემ საბოლოო ანგარიში (3:0) დააფიქსირა.

ამ მოგებით მეგრელებს 3 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. რაც შეეხება “საბურთალოს”, თბილისლებსაც იმავე რაოდენობის ქულა დაუგროვდათ და მე-6 პოზიციას იკავებენ.

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა, გორის “დილასა” და ბათუმის “დინამოს” ჯახია.

აღნიშნულ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი აჭარლების ფეხბურთელი, იაროსლავ კვასოვი გახდა. მან მუჯრიშვილის კარის აღება 85-ე წუთზე შეძლო.

საბოლოოდ, “დინამომ” მინიმალური სხვაობით მოიგო.

ამ წაგების შემდეგ გორელებს ერთი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციას იკავებენ. “დინამო” სამი ქულით მეოთხეზეა.

ეროვნული ლიგის მეორე ტური: 11 მარტის შეხვედრების პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ქუთაისის “ტორპედოსთან” ფრე (1-1) ითამაშა. 11 მარტს დანარჩენი ოთხი მატჩი გაიმართება. Fanebi.Com-ი ამ თამაშების პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამო” 

დაწყების დრო: 14:00, 11 მარტი

ერთ-ერთი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ერთმანეთს დედალაქური კლუბები, “ლოკომოტივი” და “დინამო” დაუპირირსპირდებიან. პირველმა მათგანმა წინა ტურში ბათუმის “დინამოსთან” დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით, 2:1 იმარჯვა. დუბლი შეასრულა ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სიხარულიძემ. თავის მხრივ სამი ქული მოპოვება მოახერხა მეორე თბილისურმა გუნდმაც. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი საკუტარ არენაზე ფოთის “კოლხეთს შეერკინა და ბაჩანა არაბულის გოლის წყალობით მოიგო. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა რომელიმე გუნდის მოგებათა სერია თუ ფრეზე გაეყრებიან კლუბები.

სამტრედიის “სამტრედია” – საჩხერის “ჩიხურა” 

დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ერთმანეთს საქართველოს წინა ჩემპიონატის ფინალისტები დაუპირისპირდებიან. “სამტრედიამ” პირველი ტური გახსნა. იგი “შუქურას” შეხვდა. იმ მატჩში კლუბებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და ფრეზე გაეყარნენ. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე გორის “დილას” წინააღმდეგ გააგორეს ბურთი და ნულოვანი ფრე დააფიქსირეს. შესაბამისად, ორივე გუნდი შეეცდება, პირველი სამი ქულა მოიპოვოს. ნამდვილად, უკომპრომისო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

გორის “დილა” – ბათუმის “დინამო”

დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი

გორში, დავით აბაშიძის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი “დილა” ბათუმის “დინამოს” მიიღებს. როგორც უკვე ვთქვით, “დილამ” და “ჩიხურამ” პირველ ტურში ერთმანეთს ვერ გაუტანეს და თითო-თითო ქულა მოიპოვეს. რაც შეეხება “დინამოს”, აჭარლებმა წინა დაპირისპირებაში (“ლოკოს” წინააღმდეგ) ანგარიში კი გახსნეს, თუმცა შემდეგ ორი ბურთი მიიღეს და ამჟამად ნული ქულა აქვთ. “დილას” დიდი ამბიციები აქვს და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ქართლელები თამაშის მოგებას. თავის მხრივ, “დინამო” ბრინჯაოს ფინალის გამარჯვებულია და ზაფხულზე საქართველო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარადგინოს. საინტერესოა, რა ძალები გააჩნია ამ გუნდს. მოკლედ, აქაც ინტრიგა დიდია და დაველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “საბურთალო”

დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” “კოლხეთი” თბილისის “საბურთალოს” მიიღებს. მეგრელებმა პირველივე მატჩი “დინამოსთან” თბილისში გამართეს. მათ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდნენ. “საბურთალომ” საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” სძლია. დაველოდოთ, როგორ ბრძოლას გაუმართავენ ფოთელები დედაქალაქურ კლუბს და ახლა მაინც თუ მოახერხებენ გამარჯვებას.

 

კუტალია: “შუქურას” შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა, წელს სამეულისთვისაც კი იბრძოლებდა”

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ფრე, 1-1 ითამაშა. ანგარიშის გახსნა მე-6 წუთზე კობა შალამბერიძემ მოახერხა. საგოლე გადაცემის ავტორი კი ლევან კუტალია გახდა.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ი აჭარლების “შვიდიანს” დაუკავშირდა და მას კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“დღევანდელი მატჩი საქართველოს თასის მოქმედ ჩემპიონთან ჩავატარეთ და, შესაბამისად, საკმაოდ რთული დაპირისპირებაც გამოვიდა. მოედანზე მოსაგებად გავედით, ბევრი ვიბრძოლეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით, რომლებიდანაც ერთი გოლადაც გარდავქმენით. ზოგ სიტუაციაში არ გაგვიმართლა. საბოლოოდ, ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც “ტორპედოა”, ფრე ურიგო შედეგი ნამდვილად არ ყოფილა.”

ლევანს გუნდის მიზნებზეც ვკითხეთ…

“გეტვყით, რომ გასული სეზონში შესანიშნავი გუნდი გვყავდა. ის შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა, ახლა სამეულისთვისაც კი ვიბრძოლებდით. თუმცა, ახლაც მშვენიერი კოლექტივი ვართ და შვიდეულში შესვლას ვაპირებთ. ამის ძალა შეგვწევს! “შუქურა” მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა. ეს ამ ჩემპიონატის პირველ ორ ტურში საქართველოს ჩემპიონთან და თასის გამარჯვებულთან უკვე ორჯერ დავამტკიცეთ!” – განაცხადა კუტალიამ.

 

 

ეროვნული ლიგა: “შუქურამ” და “ტორპედომ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “შუქურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი აჭარლების უპირატესობით დაიწყო. მათ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გოლის ავტორი კობა შალამბერიძე გახდა. ზუსტად 8 წუთში ბექა ტუღუშმა წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა, ანგარიშის მხრივ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ამ ფრით “შუქურამ” ორი ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსთვის” ეს პირველი ქულაა. იგი ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა.

ეროვნული ლიგა: თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. თავისის შეხვედრა ჩაატარა თბილისის “დინამომ, რომელიც ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა.

თამაში დედაქალაქელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 26-ე წუთზე თავური დარტყმით ბაჩანა არაბულმა მოახერხა.

მატჩში გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ, “დინამომ” მინიმალური სხვაობით მოიგო.

შემადგენლობები

“დინამო”: სერგი ლიტოვჩენკო, ბოგდან მიშენკო, ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული (ოთარ კვერნაძე 94 + 4წთ), ბექა მიქელთაძე, გიორგი პაპუნაშვილი (C) ( გიორგი კუცია 82 წთ), ოთარ კიტეიშვილი (გიორგი ჩაკვეტაძე 75 წთ.), ლაშა სალუქვაძე, გიორგი ზარია, გიორგი გველესიანი.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

“კოლხეთი”: გაბრიელ თებიძე, გიორგი კილასონია (C), შოთა კერძევაძე (თამაზ შალიკაშვილი 80 წთ.), ცოტნე ქებურია, არფონგ დაფი (გიორგი ბუხაიძე 70 წთ.), ერიკ ოტიენო, გიორგი ჯანელიძე, თამაზ ჯიშკარიანი, მიკოლა კოვტალიუკი, ავთო ენდელაძე (გურამ ლუკავა 46 წთ.), ვარლამ კილასონია.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გოლები: არაბული (26 წთ.)

გაფრთხილებები: მიშენკო (61 წთ.), გველესიანი (65 წთ.), თოთაძე (66 წთ.), ზარია (76 წთ.) – კილასონია (37 წთ.), ჟიშკარიანი (59 წთ.).

წითელი ბარათი: არ იყო.

ეროვნული ლიგის პირველ ტურში “ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამოს” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის “ლოკომოტივი” ბათუმის “დინამოს” დაუხვდა. უკვე  მე-2 წუთზე მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. თუმცა, იგი თორნიკე თარხნიშვილმა ვერ გამოიყენა. რვა წუთში თეიმურაზ შონიამ მოახერხა “დინამოს” დაწინაურება. თუმცა, 31-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 42-ზე საერთოდ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისლებმა 2-1 მოიგეს.

შემადგენლობები

“ლოკომოტივი”: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი სიხარულიძე, ნოდარ ქავთარაძე (გიორგი კიკნაძე 77 წთ.), გიორგი დიასამიძე, ირაკლი კომახიძე (რევაზ ჩიტეიშვილი 84 წთ.), თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი გაბაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით უბილავა (C), დავით სამურკასოვი (მამია გავაშელიშვილი 54 წთ.).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

“დინამო”: ანატოლი ტიმაფეევი, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია (C), მიხეილ გორელიშვილი (ჯოვინო ფლამარიონი 46 წთ.), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, პაპუნა ფონიავა (ნიკა კვანტალიანი 78 წთ.), თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი (მირზა ფარტენაძე 46 წთ.), იაროსლავ კვასოვი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი.

გოლები: სიხარულიძე (31 წთ., 42 წთ.) – შონია (10წთ.)

გაფრთხილებები: უბილავა (1 წთ.), რეხვიაშვილი (10 წთ.), ჭანტურია (69 წთ.) – ფონიავა (23 წთ.) გოგიტიძე (74 წთ.), შონია (81 წთ.), კვასოვი (84 წთ.),

წითელი ბარათი: არ იყო.

ფოტო: თბილისის “ლოკომოტივი”

ეროვნული ლიგის ჰიმნი (ვიდეო)

გუშინ საქართველოს რიგით XXIX ჩემპიონატი დაიწყო. ეროვნული ლიგა მაყურებელს ბევრი ინოვაციით დაუბრუნდა. მათ შორისაა, ფორმატი, სახელწოდება, ლოგო და ასე შემდეგ.

ერთ-ერთი სიახლე ჰიმნია, რომლის მოსმენაც აქვე შეგიძლიათ.

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე “სამტრედიამ” მოახერხა. დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ აჭარლები უფრო გააქტიურდნენ, რაც ზუსტად 22 წუთში ტაბლოზეც აისახა. ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ, ლევან საბაძემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდები გოლის გაშვებას უფრთხოდნენ და ნელ-ნელა აგრესიას აძლიერებდნენ. 68-ე წუთზე “შუქურას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა აღარაფერი მომხდარა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის დანარჩენი ოთხი მატჩი ხვალ გაიმართება.

შემადგენლობები

“სამტრედია”: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (C), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია 82 წთ.), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი 60 წთ.), გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.

“შუქურა”: აზამატ ჯიოევი (C), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელიძე (გიგა მამულაშვილი 64 წთ.), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია 90 +5 წთ.), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარაძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე 87 წთ.), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა, გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გურული.

გოლები: დავით რაჟამაშვილი (19 წთ.) – ლევან საბაძე (41 წთ.).

გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (15 წთ.), ნიკა სანდოხაძე (30 წთ), დავით რაჟამაშვილი (55 წთ.) – შერმადინ ართმელიძე (25 წთ.), ჯეფინიო (39 წთ.), ჯეფინიო (68 წთ.), ლაშა ჯაფარიძე (90+3წთ.).

წითელი ბარათი: ჯეფინიო (68 წთ.).

რაჟამაშვილის გოლი

ეროვნული ლიგის I ტური: პრევიუ

ოთხ მარტს სტარტს აიღებს საქართველოს რიგით XXIV ჩემპიონატი.

Fanebi.Com-ი ეროვნული ლიგის I ტურის პრევიუს გთავაზობთ.

სამტრედიის “სამტრედია” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 4 მარტი, 14:00

აღნიშნული შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. სწორედ საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “შუქურას” დაპირისპირება გახსნის ეროვნულ ლიგას. “სამტრედია” ზამთარში რამდენიმე ლიდერმა დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაემგზავრა გუნდი თურქეთში და იქ გამართა 4 ამხანაგური შეხვედრა, საიდანაც ორში გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა. 2017 წლის პირველი ოფიციალური მატჩი იმერლებმა ქუთაისის “ტორპედოსთან” სუპერ თასის ეგიდით გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში ანაგრიშით, 2:1 იმარჯვეს. შესაბამისად, ისინი წლის პირველ ტიტულსაც დაუფლნენ. რაც შეეხება “შუქურას”, ამ გუნდმა ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლა გამოიარა. აჭარლები პლეი-ოფში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდნენ. ორმატჩიან დუელში გამარჯვებით (5:4), მათ რანგით პირველ ლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვეს და სეზონს ახალი შემართებით იწყებენ.

თბილისის “დინამო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 5 მარტი, 15:00

თბილისში, “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “დინამო” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის არიან: მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური და ასე შემდეგ. გუნდს, მოულოდნელად, მთავარი მწვრთენლიც შეეცვალა: თბილისლებს ვიაჩესლავ გროზნის ნაცვლად კახა კაჭარავა დამოძღვრავს. დედაქალაქელებმა ორი შეკრება გაიარეს – ორივე თურქეთში. თავდაპირველად მათ 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე ოთხი მატჩი გამართეს. ორი მათგანი ფრედ ითამაშეს, ხოლო ერთი წააგეს, ერთი კი მოიგეს. მცირე პაუზის შედმეგ, “დინამო” თერთმეტ თებერვალს ისევ დაუბრუნდა თურქეთს. ამჯერად თბილისლებმა ხუთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი წააგეს, დანარჩენში კი გამარჯვებულები გამოვიდნენ. ფოთის “კოლხეთმა” მოსამზადებელი პერიოდი დუშეთში გაიარა. მეგრელებმა ორკვირიან შეკრებაზე ხუთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. მათ ანგარიშზე ორი მოგება, ამდენივე ფრე და მხოლოდ ერთი წაგებაა.

თბილისის “ლოკომოტივი” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 5 მარტი, 15:00

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე თბილისის “ლოკომოტივი” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. დედაქალაქელებმა თურქეთში გაიარეს წინასასეზონო სამზადისი. მათ ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვეს, ერთი კი დათმეს. რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, ამ გუნდმა ბელეკში ოთხი მატჩი ჩაატარა: ორი მათგანი მოიგო, ორი კი ფრედ ითამაშა. ამ გუნდებს შორის 5 მარტს საკმაოდ სიანტერესო დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.

საჩხერის “ჩიხურა” – გორის “დილა”

დასაწყისი: 5 მარტი, 18:00

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” გორის “დილას” მიიღებს. იმერლების საშინაო მოედნის საფარი ჯერ ჩემპიონატის დონეს ვერ აკმაყოფილებს და, დროებით, “ჩიხურა” ნახსენებ მოედანზე გამართავს მატჩებს. რაც შეეხება უშუალოდ გუნდებს… საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თურქეთში ორი შეკრება გაიარა. პირველ ეტაპზე სოსო ფრუიძის შეგირდებამა ორი მატჩი გამართეს, საიდანაც ერთი წააგეს, ერთი კი მოიგეს. მეორე შეკრებაზე იმერლება უკვე ოთხი შეხვედრა გამართეს. გორის “დილაზე” ის უნდა ითქვას, რომ ამ გუნდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. გუნდში ებრაელი ინვესტორები მოვიდნენ, რომლებმაც, თავისთავად, ახალი მწვრთბელი და რამდენიმე ლეგიონერი მოიყვანეს. მათ შორის არიან ახალაგაზრდა ბრაზილიელებიც. გუნდმა, სხვა ქართული კლუბების მსგავსად, სპარინგ-მატჩები თურქეთში გამართა.

თბილისის “საბურთალო” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 5 მარტი, 18:00

ბოლო მატჩი “საბურთალოსა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. ორივე გუნდმა წინასასეზონო შეკრება თურქეთში გაიარა. როგორც “საბურთალო”, ასევე “ტორპედო” სხვადასვხა ფეხბურთელით შეივსო. ამ გუნდებს ახალი ამბიციები აქვთ. მთავრი მიზნისთვის ბრძოლას კი ისინი 5 მარტს, თბილისში დაიწყებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ტორპედომ”, საქართველოს თასის მოგების შემდეგ, 2017 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში “სამტრედიასთან” წააგო და საქართველოს სუპერ თასის ტიტულიც დათმო. ვნახოთ, რას იზამენ კახა ჩხეტიანის შეგირდები თბილისური გუნდის წინააღმდეგ.