კლემენტიმ შესაძლოა რეალი დატოვოს

ბრიტანული გამოცემა The Mirror იუწყება, რომ კარლო ანჩელოტის ასისტენტი, პოლ კლემენტი, შესაძლოა ვესტ ბრომვიჩის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს.

კარლო ანჩელოტი და პოლ კლემენტი 2009 წლიდან ერთად მუშაობენ. ლონდონის ჩელსის მათმა დუეტმა პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოაპოვებინა. ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ, ანჩელოტიმ ყოფილი თანაშემწე პსჟ-ში მიიყვანა, სადაც მათ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეს და ამის შემდეგ იგი რეალშიც თან გაიყოლა.

იგივე გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლს ძალიან მოსწონს მადრიდში მუშაობა. თუმცა, სურს, რომ რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.
კლემენტის წასვლის შემთხვევაში, “სამეფო კლუბში” შესაძლოა მილანის მწვრთნელის თანაშემწე, მაურო ტასოტი მოვიდეს. მას უკვე აქვს ანჩელოტისთან მუშაობის გამოცდილება, როდესაც ისინი “როსონერის” ხელმძღვანელობდნენ.

 

ბენიტესი: „ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია“

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთის ასპექტებზე ისაუბრა.

„ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია. არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც საჯაროდ არ ვამბობ. მაგალითად, თუ ჩემი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ცუდად ითამაშებს, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით არასდროს ვსაუბრობ ამის შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩემი უფლება და მოვალეობაა, ფეხბურთელს მის მიერ დაშვებული შეცდომებისა და ამ შეცდომის გამოსწორების გზებზე პირადად ვესაუბრო. სხვა რა უნდა აკეთოს მწვრთნელმა?

ანჩელოტის რომ შევხვდე, ვიცი, რომ ის ყველაფერს არ მეტყვის, რაც მადრიდის „რეალში“ ხდება და არც მე ვეტყვი ყველაფერს „ნაპოლის“ შესახებ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სხვა გუნდების მიმართ გულწრფელნი ვიყოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ბექა დოგრაშვილი